ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘წიქარას’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა, 41:21 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
მასპინძლებმა 7 ლელო გაიტანეს და 3 გაუშვეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს და ფლეი ოფში პრველ-მეორე ადგილით შესვლის შანსი შეინარჩუნეს. 17 ტურის შემდეგ ‘აიას’ 55 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ერთით ჩამორჩება თანაქალაქელ ‘არესს’, სამით კი ლიდერ ‘ბათუმს’, თუმცა ამ გუნდებს ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ‘წიქარა’ 31 ქულით მე-7 ადგილზე რჩება და ექვსეულში შესვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა ისიც მეტოქეთა შედეგებზეა დამოკიდებული.
„აია არენაზე“ მასპინძლები დებიუტშივე გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც ‘წიქარამ’ ორი სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა, ორივე ჯიუტასა ნავეს ლელოთი დასრულდა და დავით იმნაძემ ორივე გარდასახა. ქუთაისელებმა ტემპს უმატეს, 5-მეტრიანში მორკინალებით შეუტიეს და 26-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ ერთი ლელო გაქვითა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახა. თამაში რომ განახლდა ლუკა ჭაავამ ყვითელი ბარათი მიიღო, ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლა, მოლი ალეკო გიგაშვილის ლელოთი დასრულდა და ტაიმი მასპინძლებმა 15:14 მოიგეს.
‘აიამ’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის შუაში მოიპოვა. 56-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ომარ ჯანგავაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო 61-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა, ბურთი შალითადან ასხლტა და ის თავად გიორგაძემ დაამიწა. ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახა. დასკვნით 10 წუთში ქუთაისელებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ჯერ თემურ ძოძუაშვილმა შეუტია რაქის გვერდით და 5 ქულა მიითვალა, მერე კი მასპინძლებმა მოლის შემდეგ საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს.
გაწითლებულ დროზე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ‘წიქარამ’ გიორგი კერვალიშვილის ლელოთი და გორგი ასათიანის გარდასახვით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თუმცა ამით საცხრილო ქულები ვერ მოიპოვა - 41:21. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ გიორგაძე გახდა.
RUGBY.GE







