დღეს ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდნენ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხემძღვანელი, სეოკ- ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე -პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. ისინი შეხვდნენ ჩვენს ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს მარიამ გიორგობიანს და დელეგაციის სხვა წევრებს.
ლერი ხაბელოვმა ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ მიულოცა მილანი/ კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლა:"თქვენ ისტორიული შედეგი მოიპოვეთ და ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ მილანში საუკეთესოდ წარმოადგინეთ საქართველო და გაახარეთ სპორტის უამრავი გულშემატკივარი. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას მიერ აღებული პირველი ისტორიული მედალი, გუნდური მეოთხე ადგილი, სხვა პროგრამებში მოპოვებული მაღალი ადგილები მართლაც საამაყო შედეგია, რაც შესაბამისად დააფასა საქართველოს მთავრობამ. მადლობას გიხდით თავდადებისთვის, ბრძოლისუნარიანობისა და მაღალი ოლიმპიური სულისკვეთების გამოვლენისთვის. ასევე მინდა გისურვოთ ახალი გამარჯვებები. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ უმაღლესი სპორტული მწვერვალების დაპყრობა."
შემდეგ სეოკ- ის ხელმძღვანელებმა და დელეგაციის წევრებმა მოინახულეს მილანის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი ოლიმპიურ თამაშებზე სხვადადხვა დროს დაღუპულთა მემორიალი, პატივი მიაგეს 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას, დატოვეს შესაბამისი ჩანაწერები.







