რაგბი

13:10 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 31:31 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თბილისის ‘ლელოსთან’ 24-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მეორე ფრე ითამაშა.

„ლელო არენაზე“ მასპინძლებმა პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში მე-8 წუთზე ჯარიმით პეტრე ხუციშვილმა გახსნა, ორიოდე წუთში კი ლელო ბექა მამუკაშვილმა გაიტანა და ხუციშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ სინბინით ჯერ ‘ლელოს’ კაპიტანი სანდრო ქოიავა დაისაჯა, 5 წუთში კი მისი ბედი ‘ყაზბეგის’ მესამეხაზელმა გიგა გრიგალაშვილმა გაიზიარა.

21-ე წუთზე თენგიზ ზამთარაძის ლელოთი მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს, ხოლო 34-ე წუთზე თავი მიხეილ ყაჩლავაშვილმა გამოიჩინა. ხუციშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 24:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინბინით ბექა მამუკაშვილი დაისაჯა და ‘ყაზბეგმა’ 10-წუთიანი უპირატესობით კარგად ისარგებლა. ამ პერიოდში დავით აბდუშელიშვილმა და გოჩა ფიცხელაურმა ლელოები გაიტანეს, გორგი პეტრიაშვილმა კი გარდასახვები გამოიყენა. მანვე ტაიმის შუაში ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა.

მე-60-ე წუთზე კაცნაკლული უკვე ‘ყაზბეგი’ დარჩა. ყვითელი ბარათი კირილე ლოვოკურომ მიიღო და ორ წუთში ბადრი ალხაზაშვილმა ლელო, ხოლო საბა არჩვაძემ გარდასახვა გაიტანა. საპასუხოდ, 69-ე წუთზე 20-წუთიანი წითელი ბარათი ‘ლელოს’ მესამეხაზელმა ლაშა ციხისთავმა მიიღო და ‘ყაზბეგმა’ რიცხობრივი უპირატესობით კვლავ ისარგებლა.

76-ე და მეორე გაწითლებულ წუთზე ლელოები აბდუშელიშვილმა და გიგი გიგინეიშვილმა მიითვალეს, ხოლო პეტრიაშვილმა გარდასახვები გამოიყენა და ფრე დააფიქსირა - 31:31. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ ცენტრი ნუგზარ ქევხიშვილი გახდა.

ამრიგად, 15 თამაშის შემდეგ 33 ქულით ‘ლელო’ მე-5 ადგილზეა და ორით უსწრებს ‘არმიას’, რომელიც ტურის შეხვედრას 22 თებერვალს ‘აიასთან’ გამართავს. ‘ყაზბეგს’ 18 ქულა მოუგროვდა, ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა და სამი ქულით უსწრებს ‘გორს’.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095755