რაგბი

12:10 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 16:17 არესი

crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ქუთაისურ დერბიში, ‘არესმა’ ‘აიას’ გაწითლებულ დროზე გატანილი შორეული ჯარიმის წყალობით 17:16 აჯობა და სატურნირო ცხრილის სათავეში აღზევდა.

‘არესმა’ ამ გამარჯვების შემდეგ 52 ქულა მოაგროვა, ‘აიას’ კი ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 49-ით ‘ბათუმს’ გაუტოლდა და მასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული თამაში დაძაბული და ნერვული აღმოჩნდა. ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა და ვერცერთმა შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

მატჩის დებიუტში ‘აია’ გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდეგაც ‘არესმა’ შეძლო უპირატესობის მოპოვება და მე-15 წუთზე კარის წინ 23 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ სანდრო ფურცხვანიძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. თამაში რომ განახლდა ‘არესმა’ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიმუშავა, ამჯერად ბურთი აუტში გადაიტანა, საიდან აგორებულ მოლსაც არსენ მაჩალაძე მოწყდა და ლელოში ბურთი ზაალ ცქიფურიშვილს გაატანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

23-ე წუთზე ბაბუნაშვილმა ჯარიმით საკუთარ გუნდს უპირატესობა კი დაუბრუნა, თუმცა მომდევნო 7 წუთში ‘არესმა’ მეტოქე წნეხში მოაქცია, ორჯერ დააჯარიმა და ფურცხვანიძემ ორივე გაიტანა - 6:11.

თამაშის განახლებიდან 9 წუთში ‘აიამ’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ილია გაბისონიამ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით ნომინალური მასპინძლები დააწინაურა. ამას ისიც დაერთო, რომ თამაშის განახლებისთანავე ‘არესმა’ სინბინით იაგო ხაბულიანი დაკარგა, თუმცა კაცნაკლულებმა გასატან პოზიციაში ჯარიმა გამოიმუშავეს და ფურცხვანიძემ თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა.

54-ე წუთზე ‘არესმა’ სინბინით ირაკლი თევზაძეც დაკარგა და გარკვეული დროით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, მაგრამ ამით ‘აიამ’ ვერ ისარგებლა. ამ პერიოდში ფურცხვანიძეს კიდევ ერთხელ მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. სამაგიეროდ ბაბუნაშვილმა 62-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ‘აია’ ისევ წინ გაიჭრა, თუმცა მალევე სინბინით ჯიუტა მბატირერენგა დაკარგა და ახლა ის დარჩა კაცნაკლული.

ამ პერიოდში ‘აიამ’ შეძლო თავის დაცვა, მაგრამ გაწითლებულ დროზე მოედნის ცენტრალურ ზონაში, მეტოქის ნახევარზე დაჯარიმდა. დაახლოებით 55 მეტრიდან შეცვლაზე შესულმა გიორგი თევდორაძემ კარში დარტყმა გადაწყვიტა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘არესს’ ურთულეს მატჩში 17:16 მოაგებინა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ზურა ოდიკაძე გახდა.

RUGBY.GE

0.11197