„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა გუნდიდან საბა გოგლიჩიძის წასვლა დაადასტურა.
„რომასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ გოგლიჩიძე გუნდში აღარ არის. ასე რომ, „უოტფორდში“ ქართველი მცველის ტრანსფერის დასტურს, მხოლოდ კლუბების ოფიციალური განცხადებები აკლია.
„კამარა და რუი მოდესტო ხვალ ვერ ითამაშებენ, ისევე, როგორც ძანიოლო და ძანოლი, რომლებიც ტრავმირებული არიან, გოგლიჩიძე კი წავიდა“, - თქვა რუნიაიჩმა.
„უდინეზესა“ და „უოტფორდს“ ერთი მფლობელი ჰყავს, შესაბამისად, ამ კლუბებს შორის ფეხბურთელების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, გოგლიჩიძეც ერთ-ერთი მათგანი გახდა. ქართველი მცველი ინგლისურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 8 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იყო მოედანზე, რამდენიმე წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია.
„უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ "უოტფორდში" გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი ირიცხებიან. ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერა, ხოლო ჩიქოვანი ჯერჯერობით, მეორე გუნდის წევრია.







