„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიუკასლთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, სერიოზული დაზიანება ჩანს, მაგრამ იმედოვნებს, რომ სამედიცინო შემოწმების პასუხი განსხვავებული იქნება:
„კოჭის ტრავმაა, რთული ჩანს, მაგრამ იმედი მაქვს, ხუთშაბათს, კარგი ამბავი გვექნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაშავდა, ვნახოთ, ხვალ ტესტებს ჩაუტარებენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ 1/16-ფინალში „ყარაბაღთან“ შეხვედრა ურჩევნია, ვიდრე „მონაკოსთან“: „მზად ვართ პლეი-ოფისთვის. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ეს ფრანგული გუნდი არ იქნება, რადგან დავიღალეთ ფრანგული გუნდების წინააღმდეგ თამაშით, უმჯობესია სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ვითამაშოთ. მიჩვეულები ვართ რთულ გასვლით თამაშებს და წინ კარგი მომენტები გვექნება, ფეხბურთელებს დავიბრუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაშავდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ.
„ნიუკასლთან“ პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. პენალტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ მომენტები შევქმენით. შესვენებამდე გოლის გაშვება მტკივნეული იყო. ფიზიკურად, „ნიუკასლი“ ძლიერია, რაც მატჩის წინაც ვიცოდით. გამარჯვებას ვიმსახურებდით. ჩემს ფეხბურთელებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა. ამ ტურნირზე ვერავის ვხედავ ჩვენზე დიდ ფავორიტად“, - დასძინა პსჟ-ს მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ფაზის ეტაპი 14 ქულით მე-11 ადგილზე დაასრულა და მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფში მოუწევს, მისი მეტოქე კი, „ყარაბაღი“ ან „მონაკო“ იქნება. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში აქტივში 7 თამაშში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე 27 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.







