საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დამარცხდა, რის შედეგადაც, ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
საქართველო ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ 1:3 წააგო. ფრანგები მესამე წუთზე ვახტანგ კეკელიას ავტოგოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს სუჰეინ მუჰუდინის გოლი მოჰყვა, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ შეამცირა სხვაობა, მაგრამ 38-ე წუთზე აბდესამად მოჰამადიმ მესამედ დალაშქრა ქართველთა კარი.
საქართველოს ნაკრებს გოლის გასატანად არაერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თუმცა, უპირატესობას საფრანგეთი ფლობდა, რომელსაც კიდევ უფრო მეტი შანსი ჰქონდა. სხვა თუ არაფერი, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეკარემ, ალი ასლანმა 23 სეივი მიითვალა და როგორც ხორვატიასთან, ახლაც ბრწყინვალედ ითამაშა.
საბოლოოდ, A ჯგუფში საფრანგეთმა იპირველა, მეორე ადგილი ხორვატიას ერგო და ისინი მეოთხედფინალში ითამაშებენ. ლატვია (3 ქულა) და საქართველო (1 ქულა) ტურნირს გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა. 2022 წლის შედეგი უკეთესი იყო: 2 მოგება, 2 წაგება და მეოთხედფინალი.
საქართველო - საფრანგეთი 1:3 (0:2)
საქართველო: ასლანი, ჩიმაკაძე, ღავთაძე, კეკელია, კვარაცხელია. ბუკია, გაბრიჩიძე, ტყეშელაშვილი, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე
გოლები: 0:1 კეკელია (3, ა.გ), 0:2 მუჰუდინი (18), 1:2 გაბრიჩიძე (33), 1:3 მოჰამედი (38)





