საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ბოლო პერიოდია ბევრი სიახლე ვრცელდება, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქართველ ფეხბურთელს "სპორტინგში" სათამაშო დრო ხშირად არ ეძლევა და დიდია შანსი, ქოჩორაშვილმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს.
როგორც ცნობილი ხდება, ყველაზე მეტად ქართველის დამატება მის ყოფილ კლუბ "ლევანტეს" სურს, თუმცა ესპანურმა გამოცემა Moiceleste-მა ქართველის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით, მისით კიდევ ერთი ესპანური კლუბი "ვიგოს სელტაა" დაინტერესებული, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორისაა სწორედ გიორგი ქოჩორაშვილიც. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
"ვიგოს სელტამ" 21 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგროვა და ესპანეთის პრიმერადივიზიონში მე-7 ადგილზეა, ხოლო "ლევანტეს" 17 ქულა აქვს და დივიზიონში დასარჩენად იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეში" 2020-25 წლებში თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი მისთვის ვალენსიური კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გიორგი "სპორტინგში" 2025 წელს 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა.





