საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ასევე, ფეხბურთელებმა ხორვატიასთან მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, ეს ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად და ბოლო ტურში საფრანგეთთან ბოლომდე იბრძოლებენ.
ავთანდილ ასათიანი: „ამაყი ვარ ჩემი ნაკრებით. დღეს გამოჩნდა, რომ ლატვიასთან მარცხი შემთხვევითობის ბრალი იყო. ჩანს, რომ ქართული ფუტსალი სწორ გზაზეა, რადგან ხორვატია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ასეთ დონეზე რომ ეთამაშები, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ქართული ფუტსალი სწორ გზაზეა და შეუძლია ჩვენ ნაკრებს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ძალიან მიხარია, რომ ალიმ იპოვა თავისი თავი ჩვენს გუნდში, ასეთი დონის თამაშში პირდაპირ დადგე, ყოველთვის რთულია, ვულოცავ მას. ბიჭებმაც შეუწყვეს ხელი, რადგან ერთიანობის გარეშე წარმატებას ვერავინ მიაღწევს. მიხარია, რომ მატჩის საუკეთესო გახდა, ეს მაგალითია იმისი, რომ ყველას შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი“.
ალი ასლანი: „ხორვატია ძალიან მაგარი გუნდია, მათი ფეხბურთელები ტოპდონეზე თამაშობენ. ძალიან რთული იყო, ფუტსალი რა თქმა უნდა, გუნდური სპორტია, მხოლოდ ერთ კაცზე არაა დამოკიდებული. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომ დამეხმარნენ. საფრანგეთი ძალიან მაგარი გუნდია, დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს ჩვენი ბოლო შანსია, მოგება გვინდა და მაქსიმალურად ვეცდებით გამარჯვებას, ქართველი ხალხის გახარებას“.
გიორგი ღავთაძე: „მინდა, აღვნიშნო, ჩვენი მეკარის თამაში, ძალიან ბევრი ბურთი მოიგერია. ვფიქრობ, წინა მატჩისგან განსხვავებით გვეტყობოდა გუნდურობა, ბრძოლა, გვინდოდა, რომ შანსი კიდევ დარჩენილიყო. გამოგვივიდა, საფრანგეთთანაც თუ ასე ვითამაშებთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება“.
ვახტანგ ჯვარაშვილი: „დადებითად შევაფასებ ამ თამაშს, რადგან ეს ქულა ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს, მესამე მატჩს მოვიგებთ და ჯგუფიდან გავალთ“.
ვახტანგ კეკელია: „მძიმე სტარტი გამოგვივიდა. ხორვატიისნაირ ძლიერ ნაკრებთან ქულის აღება მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფეხბურთელებს მოტივაციას გვაძლევს მომდევნო მატჩისთვის, რადგან ბრძოლაში ვრჩებით და ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია“.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. გამარჯვება გუნდისთვის პლეი-ოფში გასვლის შანსს ნიშნავს.
A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში ლატვია 5:0 გაანადგურა. 3 ქულა აქვს ლატვიის ნაკრებს, ორი ხორვატიას და საქართველოს - 1.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში: სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში მიმდინარეობს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორედ ასპარეზობს.





