ფეხბურთი

20:55 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი ლა ლიგაში და "ვილიარეალის" გამარჯვება
მიქაუტაძემ 2026 წელს ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ვილიარეალმა“ „ალავესი“ დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელს ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

„ელჩესთან“ გოლის შემდეგ გიორგი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელადაც ითამაშა და ძალიან კარგადაც. მიქაუტაძემ თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ვიზავის ბურთი თავზე გადაუგდო, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.

მიქაუტაძეს გატანა კიდევ შეეძლო: პირველ ტაიმში ჰქონდა კარგი შანსი, ხოლო გოლის გატანის შემდეგ, სულ მალე, მეკარესთან პირისპირ მეორედ დარჩა, მაგრამ ამჯერად მისი დარტყმა „ალავესის“ კარის დარაჯმა მოიგერია და დუბლის შესრულებაში ხელი შეუშალა.

„ვილიარეალმა“ 3:1 მოიგო. მიქაუტაძემდე, გოლები მარსელინოს გუნდის რიგებიდან ალბერტო მოლეირომ და ჟერარ მორენომ გაიტანეს.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 21 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ სტუმრად შეხვდება. აღსანიშნავია, რომ "ვილიარეალმა" თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ლა ლიგაში პირველი წრის შემდეგ 41 ქულა პირველად აქვს, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.177591