ფეხბურთი

22:00 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "წელს ყველა მეტოქე ჩვენთან უფრო დიდი მოტივაციით თამაშობს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, როგორც თავის გუნდზე, ისე - მეტოქეზე:

„ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ისინი კარგად თამაშობენ. მათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად კარგი თვისებები აქვთ. მომწონს ეს კლუბი, მომწონს მათი ხასიათი. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, რაც ბევრს ნიშნავს. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა.

„სან მამესი“ ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. მქონდა შესაძლებლობა, ამ სტადიონზე „სელტასთან“ ერთად პირველი მეტოქე ვყოფილიყავი, ეს დღემდე მახსოვს. ვიცით, რომ იქ შესანიშნავი ატმოსფეროა. გუშინ მქონდა შესაძლებლობა, ჩემს ფეხბურთელებთან ამაზე მესაუბრა. შესანიშნავია, რომ ასეთი ტიპის მატჩში მონაწილეობის საშუალება მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.

ვინ შეცვლის ნუნუ მენდეშს? ჩვეულებისამებრ ვიმოქმედებთ. როდესაც ფეხბურთელი ტრავმირებულია და ვერ თამაშობს, გამოსავალს გუნდში ვეძებთ. გვყავს უორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვილიან პაჩო, ბევრი ფეხბურთელია, ვისაც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია.

მომწონს ჩემს მოთამაშეებთან ღია ურთიერთობა. მომწონს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყოს და ვიცოდე, სურთ თუ არა მათ ჩემთან მეტი კონტაქტი, თითოეული ინდივიდიდან გამომდინარე.

დეზირე დუე დაბრუნდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მისი სათამაშო დროის მართვა მოგვიწევს. იმედი მაქვს, თამაშს შეძლებს, მაგრამ ხვალამდე მოგვიწევს ლოდინი, რომ ზუსტად გავიგოთ, რამდენ სათამაშო დროს მიიღებს“.

წელს ჩვენი მეტოქეები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან ევროპის ჩემპიონები ვართ. სირთულეებს უნდა შევეგუოთ. "ბილბაომ" იცის, როგორ დაიცვას თავი და შეუტიოს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ბილბაოსა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179192