‘შავი ლომი’ მიმდინარე კვირაში ირლანდიაში გაემგზავრება და 2025/26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში გალვეიში ადგილობრივ ‘ქონოთს’ შეერკინება. „დექსქომ სთედიუმზე“ თამაში საქართველოს დროით 14 დეკემბერს, 00:00 საათზე დაიწყება.
ირლანდიის რაგბის კავშირის ქონოთის განყოფილება და მასთან ერთად პროვინციული გუნდი 140 წლის წინ, 1885 წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ქონოთის რეგიონი ადგილობრივ გუნდებს აერთიანებდა (ამჟამად 25 კაცთა კლუბი), პერიოდულად კი პროვინციის ნაკრები იკრიბებოდა და ლენსთერის, მანსთერისა და ოლსთერის პროვინციულ გუნდებს, ან ირლანდიაში სტუმრად ჩასულ უცხოურ გუნდებს ეთამაშებოდა.
1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, ‘ლენსთერი’, ‘მანსთერი’, ‘ოლსთერი’ და ‘ქონოთი’ პროფესიული ფრენჩაიზები გახდნენ. 1996 წელს ‘ქონოთი’ ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთო, 2001 წელს კი კელტების ლიგა დაარსდა, რომელშიც ირლანდიური, შოტლანდიური და უელსური პროფესიული გუნდები ჩაერთვნენ. მოგვიანებით ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა, მასში იტალიური გუნდებიც ჩაერთვნენ ჯერ პრო 12-ად, ხოლო მოგვიანებით პრო 14-ად გადაკეთდა. 2021 წლიდან ტურნირს გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი ეწოდება.
‘ქონოთმა’ საუკეთესო სეზონი 2015/16 წლებში ჩაატარა, ფინალში ‘ლენსთერი’ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული (პრო 12-ის) ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვა.
2021 წლიდან ‘ქონოთის’ საქმეები უკან წავიდა. გასული სეზონის გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი გუნდმა მე-13-ე ადგილზე დაასრულა, მიმდინარე გათამაშებაში კი 5 თამაშიდან ორი მოგებითა და 14 ქულით მე-9 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ‘ქონოთმა’ წელს ორივე თამაში ბონუსით მოიგო, სამივე წაგებულ შეხვედრაში კი მცირე სხვაობისთვის ნუგეშ-ქულა მიიღო.
ჩელენჯ თასის პირველ ტურში, 7 დეკემბერს, ირლანდიელები უელსში ‘ოსფრეიზთან’ 21:24 დამარცხდნენ და აქაც შეძლეს ნუგეშ-ქულის მოპოვება.
‘ქონოთი’ საშინაო შეხვედრებს „დექსქომ სთედიუმზე“ მართავს, რომელიც 1928 წელს გაიხსნა და 8 ათას მაყურებელს იტევს.
RUGBY.GE









