ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის „რეალმა“ „სელტას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.
"ყველანი გაბრაზებულები ვართ, ეს არ იყო ისეთი მატჩი, როგორიც გვინდოდა და არც შედეგი. თავიდან აქტიურად დავიწყეთ, მაგრამ მალევე მილიტაოს ტრავმამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე და მატჩის სასურველი სცენარით წაყვანა ვერ შევძელით. დაკარგული ჯერ არაფერი არ არის, ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა და სეზონი კიდევ საკმაოდ გრძელია. ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ მომხდარი და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს შანსი ხასიათი გამოვიკეთოთ. ჩვენს შეცდომებს არავინ გავურბივართ და ყველანი ვიღებთ მომხდარზე პასუხისმგებლობას. ყველაფერთან ერთად ისიც საგულისხმოა, რომ გამუდმებით ფეხბურთელებს ვკარგავთ და ტრავმები ძალიან დიდ დარტყმას გვაყენებს.
რაც შეეხება მსაჯობას, ვფიქრობ მან ბევრი შეცდომა დაუშვა და საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო. მან დროის დაკარგვა არ გაითვალისწინადა მათ ჩვენი ტემპი შეამცირეს. კარირასისთვის მიცემული ბარათი ძალიან საკამათოა, მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები.
ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება "სიტისთან", მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და ვაჩვენოთ უკეთესი თამაში. ამაში დარწმუნებული ვარ და გულშემატკივარი ოთხშაბათს სულ სხვა "რეალს" იხილავს", - განაცხადა ალონსომ.
„რეალმა“ ლა ლიგის ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა და ხუთი ტურის წინ „ბარსელონას“ 5 ქულით თუ უსწრებდა, ახლა 4 ქულით ჩამორჩება. პოტენციურად, ჩაბი ალონსოს გუნდი მესამე ადგილზეა, რადგან „ვილიარეალს“ ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
ლა ლიგის მომდევნო ტურში „რეალი“ „ალავესს“ ესტუმრება, ხოლო ოთხშაბათს "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.






