საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა.
უკრაინასთან თბილისში წაგების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ტენერიფეში ესპანეთს ესტუმრა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დიდი ანგარიშით წააგო.
თამაში ქართველმა კალათბურთელებმა კარგად დაიწყეს და პირველ პერიოდში ერთ მომენტში 8 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ესპანეთმა მკვეთრად მოუმატა. პირველი მეოთხედი საქართველომ მაინც მოიგო (22:19), აი, შემდეგ კი, კალათბურთს მხოლოდ ესპანეთი თამაშობდა.
საბოლოოდ, ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღეს და ძალიან ადვილად, 90:61 გაიმარჯვეს. პირინელებმა დარჩენილ სამივე პერიოდში აჯობეს ჯიკიჩის გუნდს.
საქართველოს ნაკრებში თორნიკე შენგელია 26 წუთში 10 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა. ასევე 10 ქულა ჰქონდა მათე ხატიაშვილს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ქულები მიითვალა. გიორგი შერმადინმა ბოლო სანაკრებო მატჩში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ესპანეთის ნაკრებს 17 ქულით სანტი იუსტამ ულიდერა, 12 ქულა ჰქონდა იზან ალმანსას და 10 ფრანსის ალონსოს.
ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგებით ესპანეთი და უკრაინა ლიდერობენ, ხოლო საქართველოს ორი წაგება აქვს, როგორც დანიას. 27 თებერვალს და 2 მარტს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ მატჩს სწორედ დანიის ნაკრებთან გამართავს.
ესპანეთი - საქართველო 90:61 (19:22, 28:11, 23:13, 20:15)









