კალათბურთი

0:47 | 28.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "იმაზე უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე უკრაინასთან ვითამაშეთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა უკრაინის ნაკრებთან მარცხის (79:92) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, უკეთ თამაში შეუძლიათ, მაგრამ მარცხი ბევრმა შეცდომამ განაპირობა. მან გიორგი შერმადინის შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ურთულესი იქნება.

„ბევრი შეცდომა დავუშვით, დაცვაში, მოხსნებში, სწრაფ შეტევებში გვაჯობეს. მარცხს რამდენიმე მიზეზი აქვს, ვერ მოვახერხეთ კოვლიარის გაკონტროლება და ვერც მათ სწრაფ შეტევებს მოვუხერხეთ ვერაფერი. შესათამაშებლად ბევრი დრო არ გვაქვს. მაგალითად, მაკფედენმა მიიღო ეს სიტუაცია და მადლობა ვუთხრათ მას, რომ დაგვეხმარა. ბევრი კალათბურთელი ესპანეთიდან ჩამოფრინდა, ასე რომ, ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა ერთად. ჩვენი სავიზიტო ბარათი დაცვაა და ამაში საკმარისად კარგად ვერ ვიმუშავეთ. მეორე ტაიმში მგონია, რომ უფრო ჭკვიანურად შეიძლებოდა გვეთამაშა, მაგრამ ესეც სწავლების პროცესია.

ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და ბუნებრივია უკეთესი იქნება, თუ მეტი მოგება არ დაგვაკლდება, იმიტომ რომ როცა მეორე ეტაპზე გავალთ, შედეგები გადადის. ამ ფანჯრებს უამრავი პლუსი და მინუსი აქვს, მაგრამ რაც არის, არის. მუშაობას გავაგრძელებთ. ზუსტად ვიცი, რომ იმაზე უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვითამაშეთ.

შერმადინის შეცვლა? მოგვიწევს ადაპტაცია და ცვლილება. ვთქვათ, სადღაც მომავალში შენგელიას, სანაძის და სხვების შეცვლაც საჭირო იქნება - ამას თაობების ცვლილება ჰქვია, როგორც იცით. ეს ერთ დღეში არ მოხდება. შეიძლება ბევრი თამაში წავაგოთ. იმედი მაქვს, მოგებებსაც დავიწყებთ. თაობათა ცვლა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა - ეს გლობალური, ბოდიში, უფრო ევროპული პრობლემაა. შერმადინი და შენგელია წლებია უმაღლეს დონეზე გამოდიან და წარმატებულები არიან. საკუთარი გუნდებისთვის სუპერ მნიშვნელოვანი ლიდერები არიან. ახლა თქვენ მეკითხებით, ვინ ჩაანაცვლებს მათ, რაც ძალიან რთული იქნება, ძალიან რთული“, - თქვა ჯიკიჩმა.

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს 30 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095296