ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 3:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მატჩი შეაფასა და გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მომავალში უკეთესს "ბარსელონას" იხილავენ.
"თამაში კარგად დავიწყეთ და გოლის გატანასთან ახლოს ვიყავით, თუმცა წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. ეს არის შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მომდევნო მატჩებში ბევრად უკეთესს "ბარსელონას" იხილავთ. ყველა ვარჯიშზე ჩემი ფეხბურთელები უმჯობესდებიან და რომ შევადაროთ 6 კვირის წინანდელ გუნდს ბევრ განსხვავებას იპონით. ფეხბურთელები ტრავმის შემდეგ ბრუნდებიან და მათ ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.
"ჩელსი" პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და დღევანდელ შეხვედრაში ისინი ერთი-ერთზე თამაშის დროს ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. სწორედ ეს კომპონენტია, რომელშიც მინდა, რომ განვითარდეთ. ვფიქრობ, ასეთი დონის თამაშებში უფრო მეტი აგრესია და დინამიურობა გვჭირდება", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ტურის შემდეგ „ჩელსის“ 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო „ბარსელონას“ აქტივში 7 ქულაა და „აინტრახტს“ უმასპინძლებს.







