კურასაოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება, ისტორიაში პირველად.
2010 წლიდან თვითმართვადმა კურასაომ დიდი ისტორია დაწერა და მას შემდეგ, რაც პანამას დაუზავდა (0:0), საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
გუნდის მთავარი მწვრთბელი გამოცდილი დიკ ადვოკაატია, რომელიც უკვე 78 წლისაა და თუ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ის იქნება მთავარი მწვრთნელი, გახდება, ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა ექნება მიღებული.
ადვოკააკი კურასაოში 2024 წლიდან მუშაობს. მის კარიერაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, პს ეინდჰოვენში, „რეინჯერსში“, „გლადბახში“, „ზენიტში“, „ალკმაარში“ „სანდერლენდში“, „ფენერბაჰჩეში“, „ფეიენოორდსა“ და სხვა კლუბებში იმუშავა, მუნდიალზეც აქვს მონაწილეობა მიღებული - 1994 წელს ნიდერლანდების ნაკრებით, ხოლო 2006 წელს, სამხრეთ კორეის ნაკრების მწვრთნელი იყო. სანაკრებო დონეზე მას ასევე უმუშავია ნიდერლანდების ნაკრებში (ევრო 2004), ბელგიის ნაკრებში, რუსეთის ნაკრებში, ემირატების ნაკრებში, ერაყის ნაკრებში, სერბეთის ნაკრებში. ტიტულებიც არ აკლია - ნიდერლანდების, შოტლანდიის და რუსეთის ჩემპიონია, ასევე მოგებული აქვს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი.
აქვე გეტყვით, რომ კურასაო ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, 150 000-ზე ოდნავ მეტი მოსახლეობით.







