ფეხბურთი

23:58 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ეს იყო თამაში, რომელმაც შეგვახსენა, როგორი უნდა იყოს „ანორთოსისი“
"ანორთოსისმა" ჩემპიონ "პაფოსთან" არ წააგო და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, მოქმედ ჩემპიონ „პაფოსს“ დაუზავდა.

დავიდ ლუისის სწრაფი გოლით „პაფოსი“ დასაწყისში დაწინაურდა, მაგრამ მატჩის მიწურულს კიკომ გაათანაბრა და 1:1. აღსანიშნავია, რომ „პაფოსმა“ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალს“ მოუგო.

„ანორთოსისს“, რომელიც ფინანსურ კრიზისშია, ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 3 ფრე), „პაფოსამდე“ „არისთან“ არ წააგო - ჩემპიონობის ამბიციის მქონე კიდევ ერთ გუნდთან.

ქეცბაია კმაყოფილია, რომ მისი გუნდი პრობლემების მიუხედავად იბრძვის. როგორც თქვა, ამ თამაშმა ყველას შეახსენა, როგორი უნდა იყოს „ანორთოსისი“

„ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს, ძალიან კარგად ვითამაშეთ, შევქმენით მომენტები და გავიტანეთ გოლი ნამდვილად კარგი გუნდის წინააღმდეგ. გულშემატკივრებიც ბედნიერი იყვნენ, ეს იყო თამაში, რომელმაც შეგვახსენა, როგორი უნდა იყოს „ანორთოსისი“. ყველა ქულა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სეზონის საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ ჩვენ ასევე კარგად ვითამაშეთ „არისის“ წინააღმდეგ, დღევანდელი თამაშით მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 8 ქულით მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში ბოლოადგილოსან „პარალიმნის“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100027