რაგბი

0:10 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 32:29 წიქარა

თბილისის ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘წიქარას’ 32:29 სძლია და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თავის მხრივ, წიქარა crocobet დიდი 10-ის მე-7 ტურს 4-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და მის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩა.

„ლელო არენაზე“ გამართული დაძაბული მატჩის დებიუტში ანგარიში მასპინძლებმა გიორგი ბოლქვაძის ჯარიმით გახსნეს. მე-11 წუთზე ბოლქვაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრში მოხსნა და კონტრშეტევა წამოიწყო, მას კარგად მიყვა გიორგი კურტანიძე და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ბოლქვაძემ კი გარდასახა.

პირველი ტაიმის დასკვნით 22 წუთში ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა და ქულებს დამრტყმელები აგროვებდნენ. ‘წიქარას’ ცენტრმა გიორგი ასათიანმა ამ პერიოდში 5 ზუსტი დარტყმა შეასრულა, აქედან ორი საკუთარი ნახევრიდან, რაზეც ბოლქვაძემ ორი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 16:15 დასრულდა.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბოლქვაძემ მასპინძლების მონაგარს ჯარიმიდან კიდევ 3 ქულა შემატა. ‘წიქარამ’ აგრესიული შეტევით უპასუხა, მეტოქის 5-მეტრიანში დიდი დრო გაატარა და 50-ე წუთზე რევაზ ბორაშვილმა სტუმრები ლელოთი დააწინაურა, ასათიანმა კი გარდასახა.

‘ლელომ’ უპირატესობა 3 წუთში დაიბრუნა, გაგა ქევხიშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მოხსნა, გიორგი ჩიქოვანს ოფლოუდი ამოუგდო და მანაც ლელო გაიტანა. ბოლქვაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა, თუმცა ტაიმის შუაში ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის წნეხში მოქცევა, მოლის შემდეგ ბურთი მოკლე ფრთაზე, კურტანიძეზე გავიდა და მანაც ლელოთი მასპინძლებს 10-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.

‘წიქარა’ არ დანებდა, გააფთრებით შეუტია და 73-ე წუთზე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ბორაშვილმა თავისი მეორე ლელო გაიტანა. დავით იმნაძემ გარდასახვითსხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ლელომ’ 32:29 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კურტანიძე გახდა.

‘ლელოს’ 7 თამაშის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, ხოლო ‘წიქარა’ 16 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096701