თბილისის ‘წიქარამ’ რუსთავის ‘ხარებს’ crocobet დიდი 10-ის მეექვსე ტურში 19:17 სძლია და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.
„ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრაში თბილისელებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და 16 ქულით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ სტუმრებმა შეძლეს ორი საპასუხო ლელოს გატანა, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა და ‘წიქარას’ დაცვამ მათ მეტის შესაძლებლობა აღარ მისცა.
მატჩის დასაწყისში რუსთაველები ლელოს გატანასთან ახლოს იყვნენ, თუმცა მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდათ. მერე ‘წიქარა’ გააქტიურდა, მე-14 წუთზე ბურთი ფრთაზე ჩაათამაშა და ჯიუტასა ნავეს ოფლოუდის შემდეგ ლელო კლავდიუს ხუციშვილმა მიითვალა, გიორგი ასათიანმა კი გარდასახა. 4 წუთში საკუთარი ნახევრიდან შეტევა სოსო მათიაშვილმა წამოიწყო, ხელდახელ ბურთაობით ‘წიქარამ’ დიდი მანძილი დაფარა და ამჯერად ლელო თავად ნავემ გაიტანა. ასათიანი კვლავ ზუსტი იყო.
‘ხარებმა’ 28-ე წუთზე დავით მოძღვრიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით უპასუხა, თუმცა შესვენების წინ თბილისელებმა კიდევ ერთი სანახაობრივი ლელო შემოგვთავაზეს. დავით იმნაძემ ცენტრის სიახლოვეს ხაზი შესანიშნავად გაჭრა, გზად ორი მცველი ჩამოიცილა და ნავეს გავლით ლელო გიორგი ფოცხვერაშვილმა მიითვალა - 19:3.
მეორე ტაიმში ‘ხარები’ გააქტიურდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მიზანს ვერ უწია. განსაკუთრებით ლუკა კოხია აქტიურობდა, რომელმაც სტუმრებს 5-მეტრიანთან ჯარიმა მოუპოვა. რუსთაველებმა შერკინება ირჩიეს და რამდენიმე ფაზის შემდეგ გელა მახარაშვილმა ძალისმიერი ლელო შეიტანა. 70-ე წუთზე ‘ხარების’ შეტევა არაზუსტი გადაცემის გამო თითქოს შეფერხდა, თუმცა იერიში მაინც გაგრძელდა, სანდრო მარგიანის შებრუნებული გადაცემის შემდეგ გიორგი ჯამბურიძემ უპირატესობის ხაზი გადაკვეთა და კოხიამ დამსახურებული ლელო გაიტანა.
მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და ‘წიქარამ’ 19:17 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სოსო მათიაშვილი გახდა.
ამრიგად, დებიუტანტი ‘წიქარა’ სამი მოგებითა და 15 ქულით მინიმუმ ხვალამდე მეოთხე ადგილზე აღზევდა. ‘ხარებს’ ნუგეშ-ქულა შეხვდა ჯამში 11-ით მე-6 პოზიციაზეა.
RUGBY.GE









