საქართველოს ნაკრები კრიზისშია. მუნდიალზე გასვლა თავიდანვე ძალიან რთული მისია იყო, როცა წილისყრა გაიმართა და გაირკვა მეტოქეები, მაგრამ თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს.
საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გადამწყვეტი მატჩი ისე წააგო, რომ შანსი არ ჰქონია, თითქოს, მოედანზე მხოლოდ თურქები იყვნენ. ვილი სანიოლი ისევ ოთხმცველიან სქემას დაუბრუნდა, რამაც ვერ გაამართლა. თუმცა, აქ საქმე სქემებსა და ინდივიდებში არაა - საქართველოს ნაკრებს თამაში აღარ აქვს, რაც არა მხოლოდ მიმდინარე შესარჩევ ციკლში, არამედ შარშან, ერთა ლიგაზე გამოჩნდა.
მატჩის სტარტზე საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა ქენან ილდიზმა გააწამა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნა, როცა გიორგი მამარდაშვილს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო. მალევე თურქეთმა მეორე გოლი გაიტანა: კუთხურის დროს საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილი მერიჰ დემირალს მეურვეობდა და სიმაღლეში სხვაობიდან გამომდინარე, უცნაური არაა, რომ თურქმა მცველმა გაიტანა. პირველ ტაიმში ილდიზმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ოთარ კაკაბაძე მის წინააღმდეგ აბსოლუტურად უშანსოდ იყო და ეს შეტევა გოლით იუნუს აკგუნმა დაასრულა - 3:0.
მეორე ტაიმიც თურქეთის გოლით დაიწყო და უკვე დეჟავუ გახლდათ: კუთხური და დემირალის დუბლი, რომელსაც ისევ კიტეიშვილი მეურვებოდა (გაუგებარია რატომ). საქართველოს ნაკრები აბსოლუტურად დემორალიზებული გახლდათ, არა მარტო მატჩის მიმდინარეობის გამო, პირველივე წუთიდან - გუნდს არაფერი ეტყობოდა, რომ გადამწყვეტ მატჩს თამაშობდა. თუმცა, 65-ე წუთზე სანიოლის გუნდმა სხვაობა შეამცირა. ლამაზი კომბინაცია ლამაზი გოლით დასრულდა: კიტეიშვილმა ქუსლით საგოლე პასი გააკეთა, გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. რა თქმა უნდა, ეს პრესტიჟის გოლი იყო და შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. თურქეთმა მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი მეორე ნომრად ითამაშა, საქართველოს ნაკრებმა კი, გოლის გარდა, მეტოქე დიდად ვერ შეაწუხა.
როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბს და ფედერაციას ბევრ რამეზე დაფიქრება მოუწევს. გუნდში პრობლემები ნათელი და აშკარაა. ფურცელზე შანსი კიდევ არსებობს, მაგრამ ეს აბსოლუტურად თეორიულია: საქართველომ ორივე მატჩი უნდა მოიგოს, რაც შეიძლება უკეთესი სხვაობებით, თურქეთმა ორივე უნდა წააგოს, დიდი სხვაობებით. არადა, საქართველოს ესპანეთთან აქვს სათამაშო, თურქეთს სახლში ბულგარეთთან...
აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთთან ისტორიაში მეექვსედ დამარცხდა (1 მოგება, 1 ფრე).
ვილი სანიოლის გუნდს ოთხ ტურშ სამი ქულა აქვს და მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა, თუ ამას შანსი ეთქმის. საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს ერთ თვეში დაასრულებს, როდესაც 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
დღესვე, ჩვენს ჯგუფში ესპანეთმა 4:0 გაანადგურა ბულგარეთი. შედეგად, 12 ქულით ლიდერობს ჯგუფს და დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული მუნდიალისკენ. თურქეთს 9 ქულა აქვს, საქართველოს 3 და ბულგარეთს - 0.
თურქეთი - საქართველო 4:1 (3:0)
იზმითი, „ქოჯაელ არენა“
თურქეთი (4-2-3-1): ჩაკირი; მიულდური, დემირალი, ბარდაკჯი, ელმალი; ჩალჰანოღლუ (ოზჯანი 78), იუკშეკი; აკგუნი (ილმაზი 68), გიულერი (კოკჩუ 68), ილდიზი (კადიოღლუ 83); აკტურკოღლუ (აიდინი 78)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი; ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 66); დავითაშვილი (ლობჟანიძე 71), მიქაუტაძე (ზივზივაძე 46), კვარაცხელია
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 ილდიზი (14), 2:0 დემირალი (23), 3:0 აკგუნი (35), 4:0 დემირალი (52), 4:1 ქოჩორაშვილი (65)
გაფრთხილება: აკტურკოღლუ (77) - ქოჩორაშვილი (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) - 11 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)
| 1. | ესპანეთი | 4 | 4 | 0 | 0 | 15 | 0 | 15 | 12 |
| 2. | თურქეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 13 | 10 | 3 | 9 |
| 3. | საქართველო | 4 | 1 | 0 | 3 | 6 | 9 | -3 | 3 |
| 4. | ბულგარეთი | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 16 | -15 | 0 |






