ფეხბურთი

21:16 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა 2034 წლის მუნდიალის ზამთარში ჩატარებას არ გამორიცხავს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არ გამორიცხავს, რომ 2034 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც საუდის არაბეთმა უნდა უმასპინძლოს, ზამთარში გაიმართოს. მან ამ შესაძლებლობაზე უკვე ღიად ილაპარაკა:

„ზაფხულში ზოგიერთი ტურნირის ჩატარება ზოგიერთ ადგილას შეუძლებელია, ამიტომ კალენდრის შეცვლა მოგვიწევს. ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ცხრა წელიწადში საუდის არაბეთში გაიმართება. ეს საკითხი ზოგადი უნდა იყოს. ივლისში ძალიან ცხელა სათამაშოდ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი, ამიტომ შესაძლოა ამაზე დაფიქრება გვჭირდებოდეს. თუმცა, ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ“, - თქვა ინფანტინომ.

უფრო მეტიც, საუბარია, რომ 2034 წლის მუნდიალი 2035 წლის იანვარში ჩატარდეს. საუდის არაბეთში ზაფხულში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ხოლო ნოემბერსა და დეკემბერში რამადანი ემთხვევა, ამიტომაც, ფიფა უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობს, რომლის მიხედვით მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა, 2035 წლის იანვარში გაიმართოს.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პსჟ-ს და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ:

„ერთი მხრივ, სწორია, რომ ცვლილებების არ გვეშინოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ნამდვილად დაგვეხმარება თუ არა ეს გაუმჯობესებაში. ძნელია იმის თქმა, თუ რა არის დღეს საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ აუცილებლად შევაფასებთ ყველაფერს და ვეცდებით გავარკვიოთ, რომელია საუკეთესო ვარიანტი. ასევე უნდა ვესაუბროთ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს“, - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

0.096902