ფეხბურთი

19:30 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი: "ჩემი მიზანია ნაკრებში დამკვიდრება და ევროპის წამყვან ლიგაში თამაშია"
"ეროვნულ ნაკრებში დებიუტის გადმოცემა მიჭირს, ამაზე ყველა ოცნებობს"

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა „სარაევოს“ ფეხბურთელ გიორგი გულიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

23 წლის თავდამსხმელმა ბევრ თემაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი მიზანია ევროპის წამყვან ლიგაში თამაში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუდმივად დამკვიდრება.

- ტრავმის გამო სეზონის ფინალური მატჩის დიდი ნაწილი გამოტოვეთ. როგორ ხართ? 100%-ით ფორმაში დაბრუნდით?

- სიმართლე გითხრათ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დრო და მოთმინება დამჭირდა, თუმცა სამედიცინო ჯგუფთან ერთად ძალიან ბევრი ვიმუშავე და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ისევ სრულად ფორმაში ვარ და მზად ვარ მოედანზე 100%-ით დავიხარჯო.

- რა იყო ორწელიწად-ნახევრის წინ თქვენი სამშობლოს, საქართველოს დატოვების და „სარაევოში“ გადასვლის მიზეზები?

- ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯი იყო. მინდოდა ახალი გამოწვევა, რათა განვითარებულიყავი, როგორც მოთამაშე, ასევე პიროვნება. „სარაევო“ განსაკუთრებული კლუბია ბრენდით, რომელიც კარგად არის ცნობილი საქართველოშიც კი და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

- რა არის ყველაზე დიდი განსხვავებები ბოსნიისა და საქართველოს ლიგებს შორის?

- ვიტყოდი, რომ ტემპი და ინტენსივობა აქ ცოტა უფრო მაღალია. თამაშის ფიზიკური მხარე უფრო მომთხოვნია და გულშემატკივრები ძალიან ვნებიანები არიან. ეს ყველა თამაშს ჩემთვის განსაკუთრებულს ხდის.

- თქვენ ამ სეზონში თასი მოიგეთ. კმაყოფილი ხართ სეზონით, თუ შეიძლებოდა კიდევ უკეთესი ყოფილიყო?

- თასის მოგება ჩვენთვის უდიდესი წარმატება იყო და ვამაყობ გუნდით. თუმცა, ყოველთვის მეტისკენ ვისწრაფვი. მჯერა, რომ ლიგაში კიდევ უფრო მეტად ბრძოლის პოტენციალი გვქონდა. ასე რომ, გაუმჯობესების ადგილი ნამდვილად არის.

- ბევრი ამბობს, რომ მწვრთნელ ზორან ზეკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიში რთულია. შეგიძლიათ ამის დადასტურება, ან საერთოდ გსიამოვნებთ ეს?

- დიახ, ეს ინტენსიურია, მაგრამ კარგი გაგებით. ის ჩვენგან ბევრს მოითხოვს, მაგრამ ასე იზრდები. მომწონს მის მიერ შემოტანილი დისციპლინა და სტრუქტურა. ეს უკეთეს მოთამაშეებად გვაქცევს.

- თამაშის წინ განსაკუთრებული რუტინა გაქვთ?

- დიახ, რამდენიმე პატარა რიტუალი მაქვს. გახურების წინ ყოველთვის ერთსა და იმავე მუსიკას ვუსმენ და ლოცვას ვამბობ. ეს კონცენტრირებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში მეხმარება.

- ცოტა ხნის წინ დებიუტი გქონდათ ეროვნულ ნაკრებში. როგორია თქვენი ქვეყნის სახელით თამაშის შეგრძნება?

- სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ემოციური მომენტი იყო. ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება ყველა მოთამაშის ოცნებაა და ამან დამატებითი მოტივაცია მომცა, რომ ასე გავაგრძელო.

- ამ ზამთარს თქვენთან უამრავ კლუბს აკავშირებდნენ: „ოლიმპიაკოსი“, „ლანსი“, „ფერენცვაროში“ და „ბოლონია“. თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივეთ...

- დიახ, იყო შემოთავაზებები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ აქ ჯერ არ დამისრულებია. გულშემატკივრებთან და კლუბთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მჯერა იმის, რასაც ვაშენებთ, კლუბის ხედვის და მსურდა, რომ უფრო დიდი ხნის განმავლობაში მისი ნაწილი ვყოფილიყავი.

- ზაფხულში ტრანსფერთან დაკავშირებით თქვენს სახელს აუცილებლად უფრო ხშირად ახსენებენ. რომელი ლიგა შეგეფერებათ ყველაზე მეტად?

- ყოველთვის სასიამოვნოა, როცა აღიარებას განიჭებენ, მაგრამ მე ჩემს თამაშზე ვარ ორიენტირებული. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვფიქრობ, რომ ჩემს სტილს კარგად მოერგებოდა ლიგა, რომელიც ტექნიკურ და ტაქტიკურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, როგორიცაა ნიდერლანდები ან ესპანეთი. თუმცა, ახლა ჩემი ყურადღება „სარაევოზეა“ და ჩემი მიზანია, „სარაევოსთვის“ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.

- რა სპორტული მიზნების მიღწევა გსურთ კარიერაში?

- მინდა, „სარაევოში“ ჩემპიონატი მოვიგო, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში ვითამაშო, მეტი ტიტული მოვიგო და ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრი გავხდე. ეს ის ოცნებებია, რისთვის ყოველდღე ვშრომობ.

- როდესაც თქვენს კარიერას იხსენებთ, არის რამე, რასაც ნანობთ ან სხვაგვარად გააკეთებდით?

- ყოველთვის არის მომენტები, რომლებზეც ფიქრობ — შესაძლოა, თამაშზე, რომელსაც სხვაგვარად შეგეძლო მიდგომოდი, ან გამოუყენებელ მომენტზე. თუმცა, ვცდილობ, სინანულზე არ ვიფიქრო. ყველაფრისგან რაღაცას ვსწავლობ და მიღებულ ცოდნას მომდევნო 90 წუთში ვიყენებ.

- რა თქმა უნდა, ასევე უნდა გკითხოთ თქვენი საბაზრო ღირებულების შესახებ. თქვენ კვლავ ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშე ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, პატივია, მაგრამ ციფრებისთვის ან სტატისტიკისთვის არ ვთამაშობ. მთავარია, რომ დავეხმარო ჩემს გუნდს, ყოველდღიურად გავაუმჯობესო და თამაშით დავტკბე. დანარჩენი კი თავისით მოდის.

- კითხულობ თუ არა ინტერნეტში თქვენზე დაწერილ ინფორმაციას? თუ არ გაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ?

- ხანდახან, მაგრამ ვცდილობ, ზედმეტად არ ამაში ჩავერთო. დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, მირჩევნია, ყურადღება ჩემს მიზნებზე გავამახვილო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი ოჯახია და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვოთ, საკუთარი თავით და „სარაევოთი“ ვიამაყოთ.

- როგორი ადამიანია გიორგი გულიაშვილი პირად ცხოვრებაში?

- მოედნის გარეთ საკმაოდ მორიდებული ვარ. მიყვარს ოჯახთან ერთად დროის გატარება, ფილმების ყურება და დასვენება. სახლში ვარ. (იცინის - რედ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103145