ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანია ითამაშებს, რომელმაც მეოთხედფინალში იტალია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთი გახდა საჭირო, თანაც, გერმანიას რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. იტალიამ უკეთ დაიწყო, ერთი საათის განმავლობაში მართლაც სჯობნიდა მეტოქეს და ლოგიკურად დაწინაურდა 58-ე წუთზე ლუკა კოლეოშოს გოლით.
თუმცა, გერმანიას 10 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად: თავი ნიკ ვოლტემადემ გამოიჩინა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. 81-ე წუთზე იტალიას ვილფრიდ ნიონტი გაუძევეს, რომელმაც მეორე ყვითელი არასაჭირო ვითარებაში მიიღო.
87-ე წუთზე გერმანია ვეიპერის გოლით დაწინაურდა, ხოლო სამ წუთში იტალიის ნაკრებს მატია ძანოტიც გაუძევეს. შედეგად, იტალიელები 9 ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე და ეს ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა. თუმცა, ბოლო კომპენსირებულ წუთზე ჯუზეპე ამბროზინომ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
9-კაციანი იტალია მედგრად, გმირულად იცავდა თავს და მეტოქეს შანსს თითქმის არ აძლევდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე და პენალტების სერიამდე 3 წუთით ადრე რიოლის შორეული დარტყმით გერმანიამ მიზანს მაინც მიაღწია.
ნახევარფინალში გერმანიის მეტოქე საფრანგეთი იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ინგლისი და ნიდერლანდები შეხვდებიან.
გერმანია - იტალია 3:2 დ.დ (0:0)
გოლები: 0:1 კოლეოშო (58), 1:1 ვოტლემადე (68), 2:1 ვეიპერი (87), 2:2 ამბროზინო (90), 3:2 რიოლი (117)