"სალერნიტანა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია C-ში გავარდნასთან ნაბიჯშია.
სერია B-ს პლეი-აუტის პირველი მატჩი სალერნოელებმა სტუმრად „სამპდორიასთან“ 0:2 წააგეს და საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც "სალერნიტანა" ჩარტერული რეისით სახლში ბრუნდებოდა, კლუბში მომუშავე პერსონალმა და ფეხბურთელებმა კანტონის ბრინჯი მიირთვეს, რამაც ჯამში 16 პირი მოწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი სალერნოში დაბრუნებისთანავე სასწრაფო დახმარების მანქანებით ახლო მდებარე სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს. ჯერ ჯერობით უცნობია ლუკა ლოჩოშვილის მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ იანვრიდან იჯარით თამაშობს, რომელსაც ვადა 30 ივნისს გასდის და შემდეგ „კრემონეზეში“ უნდა დაბრუნდეს, რომელიც სერია A-ში აღზევდა. თუმცა, უცნობია, სად ითამაშებს ლუკა მომდევნო სეზონში.