მილანის „ინტერი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეჰდი ტარემის გარეშე ითამაშებს, რომელიც ირანშია და ამერიკაში წასვლა ვერ მოახერხა.
ტარემი სამშობლოში ირანის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ასაღებად დაბრუნდა, რომელიც ორ დღის წინ გადასცეს, საიდანაც კალიფორნიაში უნდა წასულიყო, მაგრამ ისრაელთან ომის გამო ირანის საჰაერო სივრცე დაიკეტა და ფეხბურთელიც სამშობლოში ოჯახთან ერთად ჩარჩა. ტარემი აეროპორტში მაინც მივიდა, თუმცა გამგზავრება ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში შესვლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით 12 ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მათ შორისაა, ირანიც, მაგრამ გამონაკლისები დაიშვება, მაგალითად, ფეხბურთელებზე და ტარემისაც ამერიკაში შესვლის პრობლემა არ ექნებოდა, რომ არა, ირანში საჰაერო სივცრის დაკეტვა. თავის მხრივ, 2026 წლის მუნდიალზე ირანის ნაკრების ფეხბურთელებსაც შეუშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე.
„ინტერი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში 18 ივნისს ჩაერთვება, როდესაც პირველ ტურში „მონტერეის“ შეხვდება.