ფეხბურთი

0:45 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა (+VIDEO)

ბერგამოს „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა სერია A-ს 36-ე ტურში „რომა“ დაამარცხა და მესამე ადგილი გაინაღდა.

„ატალანტა“ სწრაფად დაწინაურდა, ადემოლა ლუკმენის გოლით. ბერგამოელებს შემდეგ უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ, „რომამ“ გაათანაბრა, გოლი ბრაიან კრისტანტეს აქტივშია.

თუმცა, მეორე ტაიმში „ატალანტამ“ მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა. 76-ე წუთზე იბრაჰიმა სულემანამ შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

„რომას“ უცნაურობა დასჩემდა: ბოლო 9 მატჩია მხოლოდ ერთი გოლი გააქვს, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, მაგრამ თამაშში ორი გოლიც ვერ გააქვს. ეს იყო „რომას“ პირველი წაგება სერია A-ში გასული წლის 15 დეკემბრის შემდეგ. ეს პერიოდი 19 მატჩს მოიცავდა (14 მოგება, 5 ფრე).

შედეგად, „რომას“ 63 ქულა დარჩა და მეექვსე ადგილზეა, ერთი ქულით ჩამორჩება „იუვენტუსს“ და „ლაციოს“, შესაბამისად, საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული, ხოლო მომდევნო ტურში „მილანს“ უმასპინძლებს. „ატალანტა“ 71 ქულით მესამეა და ეს პოზიცია გარანტირებული აქვს, წინ „ჯენოასთან“ საგარეო მატჩი ელოდება.

მეოთხე ადგილის დაკავების და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს 6 გუნდი ინარჩუნებს: „იუვენტუსი“, „ლაციო“, „რომა“, „ბოლონია“, „მილანი“ და „ფიორენტინა“, მათ შორის, სულ სხვაობა 5 ქულაა. დარჩენილია ორი ტური. საკუთარ თავზე მხოლოდ „იუვეა“ დამოკიდებული, რომელიც ორივე მატჩს თუ მოიგებს, ნებისმიერ შემთხვევაში გავა ჩემპიონთა ლიგაზე, სხვებს კი, ტურინელთა ფეხის დაცდენის იმედი აქვთ, საკუთარი თავის გარდა.

მომდევნო ტურში კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან: „რომა“ „მილანს“ შეხვდება, „ფიორენტინა“ „ბოლონიას“, ხოლო „ლაციოს“ სულაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ინტერთან“ აქვს გასვლა, რაც შეეხება „იუვენტუსს“, შინ „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16105