ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ვალენსია“ „მალიორკას“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
რუბენ ბარახას გუნდი იგებდა: 32-ე წუთზე ლუის რიოხამ პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ „ღამურებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. პირველი ტაიმის მესამე კომპენსირებულ წუთზე კარილ ლარინმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 81-ე წუთზე აბდონ პრატცმა „მალიორკას“ მოაგებინა - 2:1.
გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, ორივე შემთხვევაში მცველებმა ძალიან ცუდად ითამაშეს. ქართველმა მეკარემ თამაში ერთი სეივით დაასრულა.
„ვალენსია“ 10 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 დეკემბერს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.