ფეხბურთი

20:45 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "ფორვარდის პრობლემა არ გვაქვს, მიქაუტაძით და ლაკაზეტით კმაყოფილი ვარ"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „ნიცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა გიორგი მიქაუტაძის და ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, „ლიონს“ ფორვარდის პრობლემა არ აქვს და ორივე ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილია.

„აქამდეც ვფიქრობდი, რომ ფორვარდის პრობლემა არ გვქონდა. ამას ვუყურებდი, როგორც გარდამავალ ფაზას. მჯეროდა, რომ თითოეული მათგანი იპოვიდა თავის მომენტს. ვფიქრობ, ისინი კარგ გზაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ერთ მატჩში გოლი რომ ვერ გაიტანონ, ეს თემა ისევ აქტუალური გახდება. მათ შედეგიანობას სეზონის ბოლოს შევაფასებთ. თუ ერთი 40 გოლს გაიტანს და მეორე 8-ს, უკმაყოფილო არ ვიქნები. მთავარი ფაქტორი გუნდია. მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ, ეს უკვე წარმატებით ვცადეთ. ახლა, ისინი ერთმანეთს ცვლიან, მთავარი ვარიაციაა, ეს გუნდს ენერგიას და განსხვავებულ სიტუაციებთან გამკლავების საშუალებას აძლევს, რაც მეტოქისთვის არაპროგნოზირებადს გვხდის. ამას ჩვენს ძლიერ მხარედ უფრო ვუყურებ, ვიდრე სისუსტედ.

მიქაუტაძე ისევ ძირითადში? ვნახოთ. ჟორჟმა გუშინ ორი გოლი გაიტანა და შეიძლება ლოგიკური იყოს, რომ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, თუმცა, მეორე მხრივ გვყავს ლაკაზეტი, რომელსაც არ უთამაშია, დასვენებულია და როცა მატჩი გაქვს 72 საათში, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია. ჩემი არჩევანი ყოველთვის კონკრეტულ მატჩში სტრატეგიითაა განპირობებული“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

„ლიონი“ „ნიცას“ პირველ დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

0.104035