ნიკა ამაშუკელი 2024 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩების ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვება, კიდევ სამ შემთხვევაში კი პირველი ასისტენტი იქნება.
ისე, როგორც 2023 წლის მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში, 16 ნოემბერს საფრანგეთი ახალ ზელანდიას „სენ დენიზე“ მასპინძლობს და მსოფლიო რაგბიმ ამ თამაშის გაძღოლა ქართველ რეფერის ანდო. გარდა ამისა: 9 ნოემბერს თვიქენჰემზე (ინგლისი - ავსტრალია); 23 ნოემბერს ტურინში (იტალია - ახალი ზელანდია); და 30 ნოემბერს დუბლინში (ირლანდია - ავსტრალია), ამაშუკელი გვერდითი მსაჯია.
„მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ ტოპ-მსაჯების სიაში შემიყვანა და ასეთი დანიშვნები სიახლეს აღარ წარმოადგენს. ისინი ითვალისწინებენ ასაკს, გამოცდილებაც საკმარისი დამიგროვდა, მოსწონთ ჩემი მსაჯობის სტილი, ის, რომ ყველანაირ წნეხს ვუძლებ და როგორი ავტორიტეტიც არ უნდა ქონდეს მოთამაშეს, ვიღებ გადაწყვეტილებას, რისი მიღებაც მევალება“.
„შესაბამისად, ყველა სანაკრებო ფანჯრის პერიოდში, იქნება ეს ექვსი ერი, ოთხი ერი თუ ტესტ-მატჩები, ველოდები ყველაზე რთულ თამაშებში დანიშვნას და ასეც ხდება. ჩემი სუბიექტური და ბევრის ობიექტური აზრით, მომავალ ნოემბერში საფრანგეთი - ახალი ზელანდია ყველაზე პრინციპული დაპირისპირება იქნება. საფრანგეთი „სენ დენიზე“ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს და ასე იქნება ახლაც. ეს არის უდიდესი მასშტაბის ღონისძიება, რომლის დროსაც მთელი პარიზი ინგრევა და ქალაქში ისეთი განწყობაა, მსაჯები თამაშზე ესკორტით მივყავართ“ - ამბობს ნიკა ამაშუკელი.
აბულაშვილის დებიუტზე
ამაშუკელის კვალდაკვალ, მუდმივად ვითარდებიან სხვა ქართველი მსაჯებიც და წელს პირველად, მსოფლიო რაგბის მსაჯის რანგში დებიუტი ექნება საბა აბულაშვილს, რომელიც 23 ნოემბერს ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას იმსაჯებს.
„ქართულმა სამსაჯო კორპუსმა, რომელსაც წამყვანი სარაგბო ქვეყნებისგან განსხვავებით მწირი რესურსი აქვს, თავისი იდენტობა იპოვა. ეს იმ შრომის შედეგია, რომელშიც უკანასკნელი წლების განმავლოვაში რაგბის კავშირმა ძალიან დიდი რესურსი ჩადო. საბა აბულაშვილიც ამ ძალიან ღირსეული თაობის წარმომადგენელია და აბსოლიტურად დამსახურებულად მიიღო ეს დანიშვნა. ძალიან მიხარია მისი წინსვლა და ვიმედოვნებ, უმოკლეს პერიოდში საკუთარ თავზე გამოცდის იმ წნეხს, რასაც ტიერ1 ქვეყნების გუნდების მსაჯობა ქვია“ - აღნიშნავს ამაშუკელი.
ბორჯღალოსნების ტესტებზე
ტრადიციულად, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში შეხვედრებს ჩაატარებს ბორჯღალოსნები, რომელიც 10 ნოემბერს საფრანგეთში, მონპელიეში „ოლ ბლექსი XV“-ს შეხვდება; 17 ნოემბერს გენუაში იტალიას ერკინება; ხოლო 24 ნოემბერს თბილისში ტონგას დაუხვდება.
„ოლ ბლექსი XV“-თან მატჩის რეფერი ავსტრალიელი ჯორდან ვეი იქნება, იტალიასთან მოედნის მსაჯი ახალ ზელანდიელი ბენ ო,კიფია, ხოლო ტონგასთან ფრანგი ლუკ რამოსი. ამაშუკელისთვის სამივე მსაჯი კარგადაა ნაცნობი და დინამიური თამაშების მოლოდინშია:
„ავსტრალიელი ჯორდან ვეი ტრადიციული, სამხრეთელი მსაჯია. ის დიდი ხნის განმავლობაში 7-კაცა რაგბის მსაჯობდა, 2023 წლის მსოფლიო თასზე გვერდით მსაჯად იყო და როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლა ცენტრში შემოწიეს. სამხრეთელი და თანაც 7-კაცა რაგბის ყოფილი მსაჯი აუცილებლად დინამიური რაგბის მოყვარული იქნება, მით უმეტეს რომ ჩვენი გუნდი „ოლ ბლექსი XV“-ს ეთამაშება. მეტოქე ეცდება მოედანზე ქაოსის შექმნას, რადგან ამას კარგად იყენებს და საინტერესო იქნება მათ სტილს რას დავუპირისპირებთ“.
„ბენ ო’კიფი საკმაოდ ცნობილი, მაღალი რანგის მსაჯი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიო თასზე. ისიც სამხრეთელი და ღია თამაშის მოყვარულია, საკმაოდ კარგად ფლობს ვიდეო-მსაჯთან ურთიერთობას და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არანაირი დეტალი არ გამოეპარება“.
„ლუკ რამოსი შედარებით ახალბედაა. ის ფრანგია და როგორც ფრანგებს ჩვევიათ, ვფიქრობ ნაკლები კომუნიკაციით გამოირჩევა. რადგან ჩვენს გუნდში საფრანგეთიდან ლეგიონერები მრავლად არიან, მათთვის ნაცნობი იქნება რამოსის მსაჯობის ხისტი სტილი. წინა ორი თამაშის შემდეგ, სადაც სამხრეთელი მსაჯები გვყავს, დროის მცირე მონაკვეთში დიდი კონტრასტი იქნება და საინტერესოა ამ ცვლილებას გუნდი როგორ მოერგება“.
RUGBY.GE