ფეხბურთი

0:20 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის ექსპერტი: "მამარდაშვილმა სხვა დონეს მიაღწია, "ლივერპულისთვის" ეს ტრანსფერი კარგი ნაბიჯია"
"ევროპის ჩემპიონატზე ისე ითამაშა, რომ პრემიერლიგის გუნდში გადასვლა მოსალოდნელი იყო"

The Athletic-ის კორესპონდენტმა და ლა ლიგის ექსპერტმა დერმოტ კორიგენმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებგვერდთან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა გიორგის უკეთ გასაცნობად რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს:

- როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილს კონტრაქტი გაუფორმა?

- დიდად არ გამკვირვებია. ის მართლაც კარგი მეკარეა და ბევრს საუბრობდნენ, რომ რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა, ალბათ, ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ. თუმცა, კონკრეტულ კლუბზე საუბარი იშვიათად იყო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებში შესანიშნავად ითამაშა, მოსალოდნელი იყო, რომ პრემიერლიგის კლუბთან გაეფორმებინა კონტრაქტი. „ლივერპული“ მისთვის შესანიშნავი ნაბიჯია და ასევე კარგი ნაბიჯია „ლივერპულისთვის“ მისი ყიდვა.

- თავიდანვე აშკარა იყო, რომ „ლივერპულის“ მსგავსი გუნდი დაიმატებდა?

- მას „ვალენსიამდე“ ცოტა უჩვეულო მარშრუტი ჰქონდა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა მთავარ გუნდში მოხვდა და აჩვენა, რომ სუპერ პოტენციალი ჰქონდა. ცოტა „ნედლი“ იყო და მომწიფებული არ იყო, სჭირდებოდა გამოცდილება, ტექნიკურადაც გაუმჯობესება, მაგრამ მას ყოველთვის მიიჩნევდნენ ფეხბურთელად, რომელიც კარგი იქნებოდა „ვალენსიას“ მოკლევადიან პერსპექტივაში და შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გაყიდდნენ.

- „ვალენსიაში“ 23 წლის ასაკში 100-ზე მეტი მატჩი აქვს...

- „ვალენსიას“ ბოლო რამდენიმე სეზონში აღმავლობა და ჩავარდნა ჰქონდა. ზოგადად, „ვალენსია“ ძალიან მომთხოვნი ადგილია, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არიან მიჩვეული, გვახსოვს, რომ ლა ლიგაც მოიგეს რაფა ბენიტესის დროს, ასევე რამდენიმე წლის წინ ესპანეთის თასი. ბოლო რამდენიმე სეზონი იბრძოდნენ ლა ლიგაში დასარჩენად და გაყიდეს თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელები, ასე რომ, ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მეკარეებისთვის იქ თამაში არც ისე ადვილია. გასულ სეზონში შესანიშნავი იყო და ეს ნამდვილად მისი საუკეთესო სეზონი გახლდათ. xG სტატისტიკაც ლა ლიგაში საუკეთესო ჰქონდა. მან დაამტკიცა, რომ ახალ დონეს მიაღწია.

- ის ასევე ცნობილია პენალტებში კარგი თამაშით...

- ის მაღალი, ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, ძლიერი ხასიათი აქვს და უყვარს თამაშში ჩართვა. პენალტები არის ის კომპონენტი, რომელშიც მეკარეებს გაბრწყინების შანსი ეძლევათ. მან ლა ლიგაში გასულ სეზონში 6-დან 3 პენალტი მოიგერია, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. „ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც „ლივერპულში“ რაფა ბენიტესთან ერთად იყო და ასევე, ესპანეთის ნაკრებში მთელი ოქროს ხანის განმავლობაში, ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი. მუშაობდა იკერ კასილიასთან და პეპე რეინასთან. როცა მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მივიდა, ნიჭიერი იყო, ფიზიკურად დიდია, რეფლექსები და ყველაფერი აქვს, მაგრამ მეკარეების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობა მისთვის აშკარად კარგი იყო.

- პრემიერლიგის სტილისთვის სათანადოდაა აღჭურვილი?

- ზოგჯერ მეკარეები, რომლებიც სხვა ლიგიდან მოდიან, შესაძლოა შეჩვეული არიან კარის ხაზზე დარჩენას, ხშირად არ გამოდიან ჩაწოდებებზე და არ ტოვებენ კარს. ის ერთგვარად ტრადიციული მეკარეა. „ვალენსიაში“ მას არ უმუშავია თანამედროვე მწვრთნელთან, რომელიც შეტევებს მეკარიდან იწყებს, ორ ცენტრალურ მცველს შორის მეკარეს ათამაშებს. არ მგონია, რომ „ვალენსიასა“ და ნაკრებში ამის გაკეთება ხშირად უწევდეს, მაგრამ ამაზე არ ვინერვიულებდი. არ ვამბობ, რომ ამის უნარი არ აქვს, მაგრამ ეს არის ის, რისი დიდი გამოცდილებას კარიერაში ნამდვილად არ ჰქონია.

0.111307