თამაშგარე

11:40 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელენი და სამი არაბი

ერთ მშვენიერ, მაგრამ მოწყენილ დღეს, როდესაც ანდებზე გამოკიდული მზე შუბისტარზე იყო ასული, არგენტინელ მოდელსა და არაერთი არგენტინელი ფეხბურთელის გულის გამხარებელ ბელენ როდრიგესს კოტონის პერანგებში და თეთრ შარვალ-ხალათში გამოწყობილი მაშრიყელნი ეწვივნენ და ისეთი რამ შესთავაზეს, ამის მხილველი ქალი კი არა, კაციც დაუფიქრდებოდა სამომავლო გზასა და კვალს.

სტუმარ სამ არაბთა შორის უთამამესმა ბელენს აუწყა, რომ რაკი მათ ქვეყანაში ქალთა შილიფად ჩაცმა იკრძალება, სტადიონებს კი ესოდენ ამშვენებს მოკლე შორტებსა და ჭრელ-ჭრულა ნიფხვებში ბაყვებგამომკრთალ ასულთა ელვარება, მზად არიან, გვარიანი თანხა გადაუხადონ მას და მისებრ ლამაზმანებს, რომელთაც არაბთა ბურთაობისას ოდენ სტადიონის ტრიბუნაზე ჯდომა და დეკოლტის მალიმალ შესწორება დაევალებათ.

ბელენი ამბობს, რომ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეძლეული თანხა კი მსუყეა, თუმცა ესიკვდილება არაბეთის პაპანაქებაში ვნებისგან თვალებდაჭყეტილ მამრთა შორის გავის განივად ქნევა, მაშინ როდესაც ფულს საკუთარ რანჩოში აუზისპირას, ფოტოკამერის წინ წამოდრანგულიც მშვენივრად შოულობს.

0.11909