ფეხბურთი

10:29 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრის ბოლო ბერლინია!

აჰა, დადგა 2024 წლის ეს ისტორიული 18 ივნისიც.

ჩვეულებრივი არც აქამდეც იყო ეს 18 ივნისი, დათო ყიფიანის დაბადების დღე.

ყიფიანის, დარასელიას, ჩივაძის, გუცაევის, შენგელიას, გაბელიას და იმ ბიჭების ზღაპრული სვლა სადაც დამთავრდა კეთილად, კი ვიცით - გერმანულ დიუსელდორფში.

და კვარაცხელიას, მიქაუტაძის, მამარდაშვილის, ზივზივაზის, ქოჩორაშვილის, კაშიას და ამ ბიჭების ზღაპრული სვლა რომ ბერლინამდე მივიდეს, რა ეგეთი წარმოუდგენელია?

"შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ. ფეხბურთი ფეხბურთია. არავინ არასოდეს არ იცის, რა და როგორ მოხდება. ხო არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!" - ამბობს ხვიჩა.

და თქვენ რას ამბობთ: ნეტავ თურქეთთან ფრეს გამოვკრათ ხელი? ღირსეული თამაშით დავამახსოვროთ ხალხს თავი?

ფრისთვის და ლამაზი გამოვარდნისთვის ავისხით გუდა-ნაბადი ათიათასობით კაცმა? ამისთვის მოვაკელით ათასობით ლარი ოჯახის ბიუჯეტებს და ამისთვის გადავლახეთ ათასობით კილომეტრი? და ამის იმედით ვითვლით თამაშამდე საათებს შინ დარჩენილები?

გამოვა?

გადასარევი და მართლა ზღაპარი, სიგიჟე! უყვარს ფეხბურთს ეგეთების შემოგდება შიგადაშიგ - დანიურის, ლესტერულის... თუნდაც შარშანდელი ნეაპოლური რით არ იყო ზღაპარი?

არ გამოვა?

ასეთია საფეხბურთო ცხოვრება. ინგლისელები თუ ათწლეულებია ყოველი ჩემპიონატის წინ ფეხბურთი შინ ბრუნდებაო, მღერიან, რა, გაიძეძგნენ თასებით? სამაგიეროდ ერთი დიდი საერთო ზეიმი, წვეულება და თავგადასავალია ეს ზღაპრის მოლოდინი.

გავილამაზოთ და შევირგოთ.

ზღაპრის ბოლო ბერლინია!

https://www.facebook.com/photo/?fbid=122109224066352029&set=a.122102285150352029

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114506