ფეხბურთი

17:51 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩები

დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას, იქამდე კი გავიხსენოთ წინა ჩემპიონატის გახსნითი მატჩები.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960 წლიდან იწყება, როდესაც საფრანგეთში გამართულ 4-მატჩიან ტურნირში საფრანგეთმა, იუგოსლავიამ, ჩეხოსლოვაკიამ და საბჭოთა კავშირმა მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული გუნდიც სლავა მეტრეველის დახმარებით სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. გახსნითი მატჩი კი 6 ივლისს გაიმართა და მასპინძელი საფრანგეთი იუგოსლავიის ნაკრებთან 4:5 დამარცხდა.

4-გუნდიანი ტურნირის ფორმატი 1980 წლამდე შენარჩუნდა, რა დროშიც გახსნით მატჩში გამარჯვების მოპოვება 1964 და 1968 წლის მასპინძლებმა, ესპანეთმა და იტალიამ შეძლეს, 1972 და 1976 წლის მასპინძლებმა - ბელგიამ და იუგოსლავიამ კი პირველი მატჩები დათმეს და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ 1976 წლის ტურნირზე გახსნის მატჩი ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიას შორის ჩატარდა, მასპინძელმა იუგოსლავიამ კი მეორე დღეს, დასავლეთ გერმანიასთან ითამაშა და 2:4 დამარცხდა.

1980 წელს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა, როდესაც მონაწილე გუნდების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ტურნირი იტალიაში ჩატარდა, თუმცა გახსნის მატჩი ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ გერმანიას შორის რომში გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ნომინალურ სტუმრებს დარჩათ. მასპინძელმა იტალიამ თავისი მატჩი მომდევნო დღეს, ესპანეთთან გამართა და 0:0 დაასრულა.

გახსნის მატჩში მასპინძელმა კვლავ 1984 წელს ითამაშა, როდესაც საფრანგეთმა პარკ დე პრენსზე დანია 1:0 დაამარცხა. წლევანდელი ტურნირის მსგავსად, გერმანიამ უმასპინძლა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატსაც, უფრო ზუსტად კი დასავლეთ გერმანიამ, რომელმაც გახსნის მატჩში იტალიასთან ფრედ - 1:1 ითამაშა, 1992 წელს შვედეთში გამართულ ტურნირში კი კიდევ ერთი 1:1 დაფიქსირდა - ამჯერად მასპინძელმა საფრანგეთთან გაიყო ქულები.

1996 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობა კიდევ ერთხელ, ამჯერად, 16-მდე გაიზარდა. ტურნირს ინგლისმა უმასპინძლა და გახსნის მატჩში შვეიცარიის წინააღმდეგ ზედიზედ მესამედ, 1:1 დაფიქსირდა.

ევრო 2000 იყო პირველი ტურნირი, რომელსაც ერთდროულად ორმა ქვეყანამ - ბელგიამ და ნიდერლანდებმა უმასპინძლა. ჩემპიონატის პირველ მატჩში ბელგიამ და შვედეთმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ევრო 2004-ს პორტუგალიამ უმასპინძლა და მოულოდნელად, როგორც გახსნის, ასევე ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ევრო 2008 ავსტრიასა და შვეიცარიაში ჩატარდა და პირველ მატჩში მასპინძელი შვეიცარია ჩეხეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ევრო 2012-ს პოლონეთმა და უკრაინამ უმასპინძლეს და ეს ბოლო ტურნირი იყო, რომელიც 16-გუნდიანი ფორმატით ჩატარდა. ამის შემდეგ, უეფამ დააანონსა, რომ 2016 წელს გასამართი ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდებოდა და მასში 24 გუნდი მიიღებდა მონაწილეობას. პირველი მატჩი კი პოლონეთსა და საბერძნეთს შორის ფრედ - 1:1 დასრულდა. ევრო 2016-ს საფრანგეთმა უმასპინძლა და პირველ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთი 2:1 დაამარცხა.

ახალი ფორმატის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პირველად გაუჩნდა საქართველოს ნაკრებს, თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ის შანსი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხით გაანიავა და კოვიდ პანდემიის გამო 2021 წელს ერთბაშად 11 ქვეყანაში გამართულ ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო. ტურნირის პირველი მატჩი რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, რომელშიც იტალიამ თურქეთი დაამარცხა და საბოლოოდ, ტურნირიც მოიგო.

საბოლოო ჯამში, აქამდე გამართულ 16 ტურნირში, მასპინძელმა 14-ჯერ ითამაშა გახსნის მატჩი, რომელშიც სტატისტიკა ასეთია: 5 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი. იმ ორ შემთხვევაში კი, როდესაც გახსნის მატჩში მასპინძელს არ მიუღია მონაწილეობა, იუგოსლავია დამარცხდა, იტალიამ კი ფრედ ითამაშა. შესაბამისად, სტატისტიკიდან ჩანს, რომ გახსნის მატჩში მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება საკმაოდ უჭირთ.

ევრო 2024-ის გახსნის მატჩში გერმანიასა და შოტლანდიას შორის დღეს, 14 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება და გავიგებთ, შეძლებს თუ არა მასპინძელი გერმანია აღნიშნული სტატისტიკის გაუმჯობესებას.

ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩები:

ევრო 1960 - საფრანგეთი | საფრანგეთი 4:5 იუგოსლავია (ვენსანი, ჰუტე (2), ვიშნიევსკი - გალიჩი, ძანეტიჩი, იერკოვიჩი (2), კნეჟი).
ევრო 1964 - ესპანეთი | ესპანეთი 2:1 უნგრეთი (დდ) (პერედა, ამანსიო - ბენე)
ევრო 1968 - იტალია | იტალია* 0:0 საბჭოთა კავშირი (*იტალიამ მონეტის აგდების შედეგად მოიგო)
ევრო 1972 - ბელგია | ბელგია 1:2 დასავლეთ გერმანია (პოლეუნისი - მიულერი (2)
ევრო 1976 - იუგოსლავია | ჩეხოსლოვაკია 3:1 ნიდერლანდები (ონდრუში, ნეჰოდა, ვესელი - ონდრუში ავტოგოლი)
ევრო 1980 - იტალია | ჩეხოსლოვაკია 0:1 დასავლეთ გერმანია (რუმენიგე)
ევრო 1984 - საფრანგეთი | საფრანგეთი 1:0 დანია (პლატინი)
ევრო 1988 - დასავლეთ გერმანია | დასავლეთ გერმანია 1:1 იტალია (ბრემე - მანჩინი)
ევრო 1992 - შვედეთი | შვედეთი 1:1 საფრანგეთი (ერიქსონი - პაპენი)
ევრო 1996 - ინგლისი | ინგლისი 1:1 შვეიცარია (შირერი - თურქილმაზი)
ევრო 2000 - ბელგია - ნიდერლანდები | ბელგია 2:1 შვედეთი (გური, მპენზა - მიალბი)
ევრო 2004 - პორტუგალია | პორტუგალია 1:2 საბერძნეთი (რონალდუ - კარაგუნისი, ბასინასი)
ევრო 2008 - ავსტრია - შვეიცარია | შვეიცარია 0:1 ჩეხეთი (შვერკოში)
ევრო 2012 - პოლონეთი - უკრაინა | პოლონეთი 1:1 საბერძნეთი (ლევანდოვსკი - სალპინგიდისი)
ევრო 2016 - საფრანგეთი | საფრანგეთი 2:1 რუმინეთი (ჟირუ, პაიე - სტანჩუ)
ევრო 2020 - ევროპა | თურქეთი 0:3 იტალია (დემირალი ავტოგოლი, იმობილე, ინსინიე)

თეგებიევრო 2024
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114459