სხვა

14:27 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა.

დელეგატებს სიტყვით მიმართეს სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ეოკ-ის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომელიც მოიცავდა მომავალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაციებს. კერძოდ მოახლოებული პარიზის ოლიმპიური თამაშების, ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მე-4 ევროპული თამაშების, მოახლოებული ზამთრის და ზაფხულის ფესტივალების შესახებ ინფორმაციას. მათ შორის 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადების მიმდინარეობის შესახებ. ასევე მოისმინეს ეოკ-ის კომისიების მუშაობის ანგარიშები.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 2024 წლის გალა დაჯილდოება. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ეოკ-ის ყოფილი პრეზიდენტის იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის ჯილდო, ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და კაცი სპორტსმენებისთვის.

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა. საუკეთესო სპორტსმენის ქალის ჯილდო კი იტალიელ ტყვიის მსროლელ ჯესიკა როსის ერგო.

გენერალურ ასამბლეაზე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა სპორტსმენებიც.

გენერალური ასამბლეის წინაშე პრეზენტაციით წარდგა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ დარჩიაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეტალური ინფორმაცია ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გაწეული სამუშაოს და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნულმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა დელეგატთა შორის. ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ძირითადი შეჯიბრებები ბაკურიანში გაიმართება. ცალკეულ სახეობებს ასევე უმასპინძლებენ თბილისი და ბათუმი.

მოახლოებულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს სპეციალური ჯილდო - ოლიმპიური ვარსკვლავი გადასცა ლიეტუვას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დაინა გუდზივენიჩუტემ.

გენერალურ ასამბლეას საქართველოდან ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ბაკურიანი 2025 - ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და ,,ბაკურიანი 2025" -ის სხვა ხელმძღვანელი პირები.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114041