ფეხბურთი

1:45 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "წასვლისთვის ალბათ საუკეთესო დროა, მაგრამ არ მგონია ასე მოვიქცე"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგის ფინალში „ლევერკუზენთან“ მოგების (3:0) შემდეგ ისაუბრა.

„დიდებულად ვითამაშეთ, როგორც ლივერპულსა და ლისაბონში. ჩვენ დავამარცხეთ თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები, „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“, „ლივერპულიც“ პირველ ადგილზე იყო, როცა ჩვენ მოვუგეთ. საოცარი განცდაა, დაუვიწყარი მატჩი იყო.

სამი შემტევით თამაშის იდეა? ჩვენ ხშირად ვთამაშობთ სამი შემტევით, ამისთვის ყველა პირობა იყო, ფინალში გამარჯვებაა საჭირო. კარგად დავიწყეთ თამაში განსხვავებით იტალიის თასის ფინალისგან. „იუვენტუსთან“ შეიძლება წააგო, დიდი გუნდია, მაგრამ გვქონდა შანსი, რომ უფრო უკეთ გვეთამაშა. ის შეცდომები ამჯერად გავითვალისწინეთ.

მადლობა უნდა გადავუხადო ყველას, ვინც პირველივე დღიდან მუშაობის საშუალება მომცა. ბერგამოში საუკეთესო პირობები ვიპოვე, ყოველთვის დიდ ნდობას ვგრძნობ. დროთა განმავლობაში გავიზარდეთ, ექსპერიმენტებიც ჩავატარე და მეც გავიზარდე.

„ატალანტადან“ წასვლა? თუ წასვლისთვის მომენტი უნდა შეარჩიო, ალბათ, ახლა საუკეთესო დროა, არა? როგორც გამარჯვებული. თუმცა, არ ვიცი, ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ მგონია, რომ არ წავალ. ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, როცა ცოლი და შვილები გყავს, მაგრამ ლამაზ ქალს შეხვდები. არ ვიცი, ზოგი ერთ გზას ირჩევს, ზოგი - მეორეს.

ეს ტრიუმფია და ამას ქალაქ ბერგამოს ვუძღვნი. არ შეიძლება მხოლოდ დაცვაზე ფიქრი, ჩვენც უნდა ვიყოთ შეტევაში სახიფათო, ასე უფრო ადვილია მეტოქეს პრობლემები შეუქმნა. ასეთი ანგარიშით გამარჯვება დავიმსახურეთ, ნამდვილად ძლიერი გუნდი დავამარცხეთ.

ტიტული მაკლდა? ეს ლოგიკა არ მესმის, ტიტული მოვიგე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე შუადღით ვიყავი. ყველას აქვს თავისი მიზანი: „ატალანტას“ მოგებული ტიტული განსაკუთრებულია, რადგან ამას ვალების გარეშე მიაღწია. როცა ბევრი ვალი გაქვს, ტიტულების მოგებაც ადვილია, სულ სხვა ფასი აქვს, როცა ამას ვალების გარეშე ახერხებ, როგორც „ატალანტამ“ შეძლო. „ლეჩემაც“ მოიგო, „ბოლონიამაც“, „ვერონამაც“, არა მხოლოდ „იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ (გულისხმობს ტიტულების მოგებას - რედ), ყველას წარმატების თავისი საზომი აქვს.

გვარდიოლას შემდეგ ევროპაში ფეხბურთი მე შევცვალე? „ატალანტასთან“ ერთად ევროტურნირებზე წარმატება აქამდეც მქონია, როცა ნახევარფინალთან ახლოს ვიყავით და ამან ცნობადობა მომიტანა, მათ შორის, კოლეგებშიც პოპულარული გავხდი. როდესაც ტუხელის პსჟ-სთან ვითამაშეთ, ამის შემდეგ ის „ჩელსიში“ წავიდა და 3 მცველით თამაში დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ბევრი გუნდი ვნახე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ 3 მცველს იყენებდა, მადრიდის „რეალიც“. ამ წლების განმავლობაში ბევრი გუნდი ცდილობდა ჩვენი სათამაშო სისტემის გადაღებას.

ბერგამოში რომელიმე ქუჩას ჩემი სახელი დაერქმევა? კარგი რა, არა, ჯერ დრო კიდევ გვაქვს“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ პირველი იტალიური გუნდია, რომელმაც უეფას თასი/ევროპა ლიგა მოიგო 1999 წლის შემდეგ, როცა ეს „პარმამ“ გააკეთა. ბერგამოულმა გუნდმა ტიტული 61-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ის გასპერინის კარიერაშიც პირველია.

„ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და 51-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111679