ფეხბურთი

1:30 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ლევერკუზენი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენი ძალების გვჯერა"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგის ფინალში "ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ მის გუნდსაც აქვს თავდაჯერება, რომელიც წლების განმავლობაში შეიძინა.

„ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და ახლა შემდგომი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ ამ ტიტულზე. ახლა მთავარია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

„ლევერკუზენი“ შესანიშნავი გუნდია, შედეგები ამაზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენც გავიარეთ ჩვენი გზა, ბევრ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, გვაქვს თვითშეფასება და თავდაჯერება, რომელიც ამ წლების განმავლობაში შევიძინეთ. „ლევერკუზენი“ ძალიან ორგანიზებული და მოქნილი გუნდია, თავს ძალიან კარგად იცავს, საჭირო იქნება ზუსტი და ყურადღებით თამაშის ჩატარება. ერთ ეპიზოდს შეუძლია ყველაფრის გადაწყვეტა, ამიტომაც, მზად უნდა ვიყოთ.

გონებრივი და ფსიქოფიზიკური კონდიციების მხრივ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ, ახლახან გავედით ჩემპიონთა ლიგაზე, რაც გვეხმარება. სამწუხაროა, რომ მარტენ დე რონი ვერ დაგვეხმარება, მერჩივნა მოედანზე ყოფილიყო, მაგრამ გუნდთან ერთად იქნება გასახდელში პირველიდან ბოლო წუთამდე.

ჩვენმა გულშემატკივრებმა ბევრი მსხვერპლი გაიღეს, დახარჯეს დროც და ფულიც ამ პერიოდში, მაგრამ ხვალ ისევ ჩვენთან ერთად იქნებიან. ფინალამდე ყველა ერთად მოვედით, ეს იყო ზრდის პროცესი: ჯერ ევროტურნირებზე გავედით, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, ახლა ფინალშიც ვარ - ეს კლუბმა, გუნდმა, სტაფმა, ბერგამოელმა ხალხმა ერთად გავაკეთეთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაცით მეტის გაკეთება.

„ლევერკუზენი“ ახლა განსხვავებული გუნდია, ვიდრე 2022 წელს, როცა დავამარცხეთ. აწმყოზე ვფიქრობთ და არა წარსულზე ან მომავალზე. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ და საჭიროა მას მოვერგოთ, რადგან ეს ფინალია.

იტალიის ჩემპიონატის დონე იზრდება, ბოლო დროს ფინალებში ბევრი გუნდი გადის, ეს კარგია რეიტინგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კარგი იქნება ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე შეუძლია კონკურენტუნარიანი გუნდი გახდეს“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ლევერკუზენის“ ფინალური მატჩი 22 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114848