ფეხბურთი

2:10 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, წაგებას არ ვიმსახურებდით"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „დორტმუნდთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, წაგება არ დაიმსახურეს, მაგრამ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და ფინალში მოგებაც უსურვა.

„ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. პირველი პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ამავე დროს კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის მიდგომით და თამაშით. რაც შეეხება მბაპეს, სამწუხარო იქნებოდა, მწვრთნელი წაგების შემდეგ ფეხბურთელს რომ აკრიტიკებდეს. ვთქვი, რომ მე ვარ ერთადერთი პასუხისმგებელი და ყველა მოთამაშით ვამაყობ. ახლა, „ტულუზთან“ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს.

თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურად ვისაუბრე, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხდები, ნუგეში არ არსებობს. წინ მტანჯველი დღეები გველოდება, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ეს სპორტია. მეტოქეს უნდა მივულოცოთ, შესანიშნავი გუნდია და იმედი მაქვს, რომ ფინალს მოიგებს.

საჭიროა წაგება ისე მიიღო, როგორც გამარჯვებას იღებ, რადგან ბევრი ადამიანი გვიყურებს და ბევრისთვის შთაგონების წყარო ვართ. გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ მოგება დავიმსახურეთ, 31 დარტყმა გვქონდა, ბურთი ძელს 4-ჯერ მოხვდა, პირველი მატჩის ჩათვლით 6-ჯერ, ჩვენი მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელი 3-ზე მეტი იყო, „დორტმუნდის“ 0.7, მაგრამ გოლი მათ გაიტანეს. ხანდახან ფეხბურთი უსამართლოა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062419