ფეხბურთი

0:55 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

11-წლიანი პაუზის შემდეგ "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

„პარი სენ-ჟერმენმა“ ისევ ვერ მიაღწია მიზანს, დორტმუნდის „ბორუსია“ კი 11-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

გერმანულმა გუნდმა ჯერ სახლში აჯობა ფრანგულ გუნდს და ახლა, პარიზშიც მოიგო - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში მატს ჰუმელსმა გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და ედინ ტერზიჩის შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში 2:0 იმარჯვეს.

პსჟ-ს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, განსაკუთრებით მატჩის დასკვნით ნაწილში, როდესაც გერმანელები ძელმა თუ ხარიხამ არაერთხელ გადაარჩინეს, მაგრამ ფაქტია, რომ „დორტმუნდმა“ მოიგო და ვერავინ იტყვის რომ დაუმსახურებლად.

ასე რომ, კილიან მბაპე დიდი ალბათობით, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე ტოვებს.

„დორტმუნდი“ კი, ისტორიაში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1997 და 2013 წლების შემდეგ. ბედად, ბოლო ფინალი მათ „უემბლიზე“ ითამაშეს და ახლაც „უემბლიზე“ ითამაშებენ. მაშინ მეტოქედ „ბაიერნი“ ჰყავდათ და არც ახლაა გამორიცხული, რომ სწორედ მიუნხენურ გრანდთან მოუწიოთ დაპირისპირება.

ამრიგად, „დორტმუნდი“, რომელიც ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა და სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და მეტოქეს ელოდება.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „დორტმუნდი“ 0:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:2

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში; ზაირ-ემერი (ლი 76), ვიტინია, ფაბიან რუისი (ასენსიო 63); დემბელე, რამოში (ბარკოლა 63), მბაპე

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ემრე ჯანი, ზაბიტცერი; სანჩო (ზულე 67), ბრანდტი (ნმეჩა 85), ადეიემი (როისი 56); ფიულკრუგი

მწვრთნელი: ედინ ტეზიჩი

გოლი: 0:1 ჰუმელსი (50)

გაფრთხილება: დემბელე (75), ჰაკიმი (84) - ზაბიტცერი (64), ჰუმელსი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 31 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070785