ფეხბურთი

21:44 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: "არა რუსეთს, არა ძალადობას, საქართველო ევროპაში!"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთეს და რუსეთს უთხრეს - არა.

გიორგი ქოჩორაშვილი: „თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, როდესაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. თუმცა, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს. არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია, მე ვარ საქართველო“.

ლუკა ლოჩოშვილი: "ვინც ადამიანებზე, მითუმეტეს მანდილოსნებზე ძალადობს, ყველა არაკაცია. დიდი პატივისცემა იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის!"

გიორგი ჩაკვეტაძე: „მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით, ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო. უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“.

გიორგი ქვილითაია: „ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია, არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებებს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს“.

თორნიკე ოქრიაშვილი: „ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში“.

ანრი მექვაბიშვილი: „რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ, მეტიც, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა. საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ საქართველო, ზღაპრის ბოლო კეთილია“.

ჯაბა კანკავა: „მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს“.

გიორგი აბურჯანია: „არა რუსეთს, არა ძალადობას“.

ბუბა დაუშვილი: „გთხოვთ, გაიწვიონ კანონი, რომელიც იწვევს ხალხის გახლეჩას და დაპირისპირებას. გაუმარჯოს საქართველოს“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სოციალურ ქსელში პოსტი ბუდუ ზივზივაძემაც გამოაქვეყნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062652