ფეხბურთი

0:58 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ფრე მიუნხენში: ევროპულმა კლასიკამ მოლოდინი გაამართლა

ევროპული ფეხბურთის კლასიკა ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა - „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩი კარგი სანახავი და დაძაბული იყო.

მთლიანობაში მიუნხენის „ბაიერნი“ უკეთესი იყო, უფრო მწვავედ უტევდა და სათამაშო ინიციატივას ფლობდა, მაგრამ „რეალმა“ ისევ შედეგზე გააკეთა აქცენტი და შეიძლება ითქვას მიზანსაც მიაღწია.

პირველივე ნორმალური იერიში სტუმართა გოლით დასრულდა. 24-ე წუთზე ვინისიუსმა გაიტანა. თუმცა, ეს უფრო მეტად ტონი კროოსის დამსახურებაა, რომელმაც ჯადოსნური პასი გაუკეთა ბრაზილიელ შემტევს და ბავარიელთა ნახევარდაცვა და დაცვა უსაქმოდ ერთდროულად დატოვა.

თომას ტუხელის გუნდმა მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო, რადგან უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ. მიზანსაც მიაღწიეს, რადგან ლეროი სანემ ძალიან ეფექტური გოლით შეძლო ანგარიშის გათანაბრება. სულ მალე ჯამალ მუსიალამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ჰარი კეინმა გოლად აქცია და თითქოს, მიუნხენელებმა თამაში გარდატეხეს.

თუმცა, „რეალს“ ძალიან ძლიერი სათადარიგო სკამი ჰყავს, კარლო ანჩელოტის ცვლილებების შემდეგ „სამეფო კლუბმა“ გამოფხიზლება მოახერხა. მატჩის მიწურულს კიმ მინ-ჯემ შეცდომა დაუშვა, საჯარიმოში როდრიგო წააქცია და პენალტი დაინიშნა: ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და ფრე - 2:2.

ამრიგად, „რეალს“ „ბაიერნთან“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 2 ფრე) 2012 წლის შემდეგ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ დამარცხებულა (11 მატჩი). ასევე, კარლო ანჩელოტის „ბაიერნის“ წინააღმდეგ არასდროს წაუგია (6 მოგება, 3 ფრე).

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ კვირაში, 8 მაისს, მადრიდში გადაწყდება, მაგრამ მიუნხენური შედეგი მაინც უფრო „რეალის“ მხარესაა.

„ბაიერნი“ – „რეალი“ 2:2 (0:1)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, დაიერი, კიმი, მაზრაუი; ლაიმერი, გორეცკა (გერეირო 46); სანე (დევისი 87), მიულერი (გნაბრი 80), მუსიალა; კეინი

მწვრთნელი: თომას ტუხელი

„რეალი“ (4-3-1-2): ლუნინი; ვასკესი, ნაჩო (კამავინგა 65), რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, ჩუამენი, კროოსი (დიასი 75); ბელინგემი (მოდრიჩი 75); როდრიგო (ხოსელუ 87), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ვინისიუსი (24), 1:1 სანე (53), 2:1 კეინი (57, პენ), 2:2 ვინისიუსი (83, პენ)

გაფრთხილება: მაზრაუი (43), კიმი (82) - კროოსი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115652