ფეხბურთი

17:51 | 29.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "თამაშს მოუთმენლად ველოდებით, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდის მიზანი ფინალში გასვლაა.

„ეს მატჩი ფინალს ჰგავს. ჩვენი მიზანი „უემბლიზე“ მოხვედრაა. „არსენალთან“ გამარჯვებამ დიდი თავდაჯერება შეგვმატა და „რეალთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ერთი სული გვაქვს, რომ მოედანზე გავიდეთ. მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები გვქონდა, კარგად მოვემზადეთ. არ ვიცი, რატომ და როგორ, მაგრამ მგონია, რომ სერჟ გნაბრი გოლს გაიტანს.

კარლო ანჩელოტი ლეგენდაა, ის სიმშვიდეს და გამოცდილებას განასახიერებს, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. გვაქვს დისციპლინა, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, გვაქვს გამოცდილებაც, როგორც მე, ასევე ფეხბურთელებს.

ბელინგემის პროგრესი წარმოუდგენელია. ასეთ დიდ კლუბში სწორედ ამიტომ თამაშობ. ის სიტუაციას კარგად მართავს, მიუხედავად იმისა, რომ მისგან უდიდესი მოლოდინია. მის შესაჩერებლად გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

უნდა გვქონდეს ტაქტიკა, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ტაქტიკაზე ვიფიქროთ, ფეხბურთელებს მოედანზე თავისუფლებაც სჭირდებათ. ისინი მანქანის მძღოლები არიან, მანქანა კი გუნდია. ამ მატჩის ბედს პატარა დეტალები გადაწყვეტს. იმედია, ცოტა იღბალიც დაგვეხმარება, მაგრამ მხოლოდ იღბალზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით.

სტადიონზე საუკეთესო ატმოსფერო გვჭირდება, მაყურებელმა მხარი უნდა დაგვიჭიროს და შექმნას ის ატმოსფერო, რომელიც უპირატესობას მოგვცემს. როგორ შეიცვალა „რეალი“? მათ აღარ ჰყავთ ბენზემა, რომელიც საუკეთესო 9 ნომერი იყო. ამის კომპენსირება სისტემის ცვლილებით მოახდინეს. ბელინგემი 6, 8 და 10 ნომრის პოზიციებზე თამაშობს, ჰყავთ ვინისიუსი, რომელიც მარცხენა ფლანგზე დრიბლიორია და როდრიგო, რომელსაც გადამწყვეტი გოლები გააქვს“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111253