ფეხბურთი

17:42 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

footballtalentscout: 10 ქართველი ტალანტი, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ

პორტალ footballtalentscout-ზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებზე საინტერესო სტატია გავრცელდა, რომლის ავტორი სკაუტი დანი ომერია.

მან გიორგი მამარდაშვილის, გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, კიდევ 10 ქართველი ტალანტის შესახებ გამოაქვეყნა წერილი, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში წამყვან ევროპულ კლუბებსა თუ ლიგებში მოხვდნენ. აი, რა წერია სტატიაში:

„ისტორიულად ქართველი ფეხბურთელები იშვიათად გამოირჩეოდნენ ევროპის საფეხბურთო სცენებზე, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს განცდა შეცვალა. ისეთი ტალანტების გამოჩენა, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ და გიორგი მიქაუტაძეა „მეცში“, ქართული ფეხბურთის მზარდ ტენდენციაზე მიანიშნებს. ამ ფეხბურთელებმა ევროპული ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრეს, რამაც გამოიწვია ის, რასაც ზოგიერთი გულშემატკივარი „ქართულ სიგიჟეს“ უწოდებს. დღეს ჩვენ ჩავუღრმავდებით 10 პერსპექტიულ ქართველ ტალანტს, რომლებიც მომდევნო სეზონებში უნდა გაბრწყინდნენ.

გაბრიელ სიგუა

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი გაბრიელ სიგუა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის მაგალითია. 2023 წელს მან მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა შვეიცარიულ „ბაზელში“, კლუბში, რომელიც ცნობილია ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების ევროპელ ვარსკვლავებად ქცევით.

სიგუა გამოირჩევა თამაშის ფართო არეალით, რაც მას საშუალებას აძლევს თავი შემტევ ნახევარმცველადაც წარმოაჩინოს. ის ოსტატურად მოძრაობს საკვანძო სივრცეებში და ფიზიკურადაც ძლიერია. არ შემოიფარგლება მხოლოდ შეტევითი მოვალეობებით, ასევე შეუძლია დაცვით ფაზაში გაამაგროს ნახევარდაცვა, გამოიყენოს თავისი სიმაღლე (1.90) და ძლიერი აღნაგობით საჰაერო დუელებშიც დომინირება შეუძლია.

ლუკა პარკაძე

ქართველი ტალანტის ზრდა მხედველობიდან არ გამორჩენია მიუნხენის „ბაიერნს“, რომელმაც ლუკა პარკაძე „დინამო თბილისიდან“ წაიყვანა. საქართველოს ეროვნულ ლიგაში, „გაგრაში“ შთამბეჭდავი იჯარის შემდეგ, პარკაძე „ბაიერნს“ შეუერთდა, საიდანაც იჯარით „ადმირაში“ გაუშვეს ევროპული გამოცდილების მისაღებად.

პარკაძე გამოირჩევა დრიბლინგის, პასების შესანიშნავი უნარებით და მრავალმხრივი შესაძლებლობებით, რაც საშუალებას აძლევს ეფექტურად იმოქმედოს მარჯვენა ფლანგზე. მისი სტრატეგიული თამაშის უნარი მას ევროპის ერთ-ერთ ელიტარულ კლუბში თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

ირაკლი აზაროვი

ირაკლი აზაროვის საქართველოდან ჯერ „ცრვენა ზვეზდაში“ და შემდეგ დონეცკის „შახტარში“ გადასვლა ხაზს უსვამს მის აღმასვლას ევროპულ ფეხბურთში.

მრავალმხრივი მარცხენა მცველი ტექნიკური და სწრაფია, რაც მჭიდრო სივრცეებში დრიბლინგის მანევრირების საშუალებას აძლევს. ასევე შეუძლია საკვანძო პასების გაკეთება და დაცვაში დისციპლინირებული მიდგომა აქვს, საშუალოდ თამაშში მხოლოდ 0.74 ფოლით, რაც მას ფასდაუდებელ აქტივად აქცევს.

აზაროვის სტაბილური თამაში მიანიშნებს პოტენციურ მომავალზე დასავლეთ ევროპის უფრო ცნობილ ლიგებში.

საბა საზონოვი

საბა საზონოვმა კვალი დატოვა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე და მოსკოვის „დინამოდან“ „ტორინოში“ გადავიდა. ფიზიკურად ძლიერია და ტაქტიკური ინტელექტიც გააჩნია, რაც მას შესანიშნავ ცენტრალურ მცველად აქცევს. საზონოვი განსაკუთრებით გამოირჩევა საჰაერო დუელებში დომინირებით, დუელების უმეტესობის მოგებით და წვლილი შეაქვს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. „ტორინოსა“ და სერია A-ში წინსვლის პერსპექტივა აქვს.

გიორგი კვერნაძე

გიორგი კვერნაძე, რომელიც ამჟამად ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით „ფროზინონეში“ თამაშობს, მრავალფეროვანი სათამაშო სტილით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, გამოირჩევა დრიბლინგის უნარებით და ფიზიკური შესაძლებლობებით.

კვერნაძის ხედვა და ტაქტიკური მოქნილობა გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მომდევნო სეზონში გაზრდილი სათამაშო დრო ექნება, პოტენციურად „ფროზინონეში“ ან სხვა ევროპულ კლუბში, რომელიც ეცდება გამოიყენოს მისი შემტევი შესაძლებლობები.

ალექსანდრე ფეიქრიშვილი

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულია და გამოირჩევა, როგორც შემტევი, ასევე დაცვითი ნახევარმცველის უნარებით, აქვს ზუსტი დარტყმები. ის მოედანზე მშვიდია და გადაწყვეტილების მიღების უნარი მას მთავარ კანდიდატად აქცევს კლუბებისთვის, რომლებიც მრავალმხრივ ნახევარმცველს ეძებენ.

გიორგი გოჩოლეიშვილი

გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ წარმოაჩინა თავისი უნარები, განსაკუთრებით, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასით. მასში გაერთიანებულია თავდაცვითი სიმტკიცე და შეტევის მხარდაჭერა. გოჩოლეიშვილის სიმწიფემ, სათამაშო ინტელექტმა და მაღალ პრესინგთან ადაპტაციის უნარმა განაპირობა ის, როგორც სასურველი ვარიანტი კონკურენტუნარიანი ევროპული ლიგების კლუბებისთვის.

საბა გოგლიჩიძე

საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ „ემპოლიში“ 450 000 ევროდ გადავიდა. ფიზიკურობით და დინამიზმით ცნობილი გოგლიჩიძე განასახიერებს თანამედროვე მცველს. მოსალოდნელია, რომ თავდაცვით უნარებს იტალიაში გაიუმჯობესებს, რაც მომავალ სეზონებში პოტენციურად უფრო მაღალ დონეზე თამაშში დაეხმარება.

ლუკა ლაცაბიძე

ლუკა ლაცაბიძე „დინამო თბილისიდან“ დონეცკის „შახტარში“ 700 000 ევროდ გადავიდა. ის ცაციაა და მარცხენა ცენტრალურ მცველებზე დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ლაცაბიძე მზადაა ყურადღება მიიპყროს მთელ ევროპაში, რადგან ის განაგრძობს განვითარებას კლუბში, რომელიც ახალგაზრდებთან მიდგომით გამორჩეულია.

ვახტანგ სალია

„დინამო თბილისის“ ნიჭიერმა თავდამსხმელმა სეზონი კარგად დაიწყო. ის სწრაფია, აქვს დრიბლინგი და გოლის ალღო, რითაც პერსპექტიული ფორვარდია. სალიას პროგრესი მომდევნო სეზონში გადამწყვეტი იქნება, რადგან შეიძლება დიდი კლუბების ინტერესი მიიზიდოს“.

ხსენებული 10 ტალანტი, პლუს მანამდე ნახსენები სამი ფეხბურთელი, საქართველოს მზარდ საფეხბურთო ქვეყნად აქცევს, სულ რაღაც 3.7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნად, რომელიც პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და დაწინაურდა ერთა ლიგის B დივიზიონშიც, რაც ხაზს უსვამს ქართული ფეხბურთის საინტერესო მომავალს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113295