ფეხბურთი

21:47 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "ემპოლისთან" ისევ დამარცხდა

„ნაპოლის“ კრიზისი გრძელდება. სერია A-ს 33-ე ტურში ფრანჩესკო კალცონას გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ და გადარჩენისთვის მებრძოლ „ემპოლისთან“ დამარცხდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეოთხე წუთზე ალბერტო ჩერიმ გაიტანა. მას სერია A-ში გოლი ზუსტად 3 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი, თუმცა ნეაპოლელთა კარის ასაღებად 4 წუთი ეყო.

კალცონას გუნდმა ამის შემდეგ ვერაფერი საინტერესო შექმნა, „ემპოლიმ“ დამსახურებულად მოიგო, ხოლო „აძური“ ისევ უქულოდ დარჩა და ევროზონაში მოხვედრის საკითხი კიდევ უფრო გაირთულა. სხვათა შორის, "ნაპოლიმ" "ემპოლისთან" ამ სეზონში ორივე მატჩი წააგო და გოლიც ვერ გაუტანა... სერია A-ში "აძურისთვის" ეს უკვე მე-10 წაგება იყო (33 მატჩში).

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 72 წუთის განმავლობაში იყო, მაგრამ გუნდს დიდად ვერაფრით დაეხმარა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ნეაპოლელთა რიგებში 41 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 33 ტურის შემდეგ 49 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 აპრილს, „რომას“ უმასპინძლებს.

„ემპოლის“ რიგებში სათადარიგო სკამზე იყო საბა გოგლიჩიძე, რომელსაც ტოსკანურ კლუბში დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონია. „ემპოლი“ 31 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 აპრილს, „ატალანტას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111934