კალათბურთი

14:19 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

U22 ჩემპიონატის ნახევარფინალში ოვერტაიმმა სპორტუნი დაამარცხა და ფინალში ქუთაისს შევდება

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქუთაისი და ოვერტაიმი შეხვდებიან. საჩემპიონო სერიაში გუშინ გასულ ქუთაისს დღეს ოვერტაიმი შეუერთდა. იმერული კლუბის მსგავსად, ოვერტაიმმაც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო ნახევარფინალური სერია. აი, ფინალურ სერიაში კი მომავალმა ჩემპიონმა 3 მატჩი უნდა მოიგოს.

დღეს, თბილისი არენაზე გამართულ მატჩს დაძაბულობა აკლდა. ოვერტაიმმა სპორტუნი 33 ქულის სხვაობით – 97:64 (სტატისტიკა) დაამარცხა. არადა, სერიის პირველი მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო, რომელიც ოვერტაიმმა ბოლო წუთებზე – 77:72 მოიგო. საპასუხო მატჩში, ცხადია, საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა საბა ზაქრაძის გაწვრთნილმა ოვერტაიმმა შეხვედრა როგორ მძლავრადაც დაიწყო, ისე დაასრულა.

პირველი პერიოდი ოვერტაიმმა 28:14 მოიგო, მეორეში სოლიდურ ლიდერობას 8 ქულა წაამატა და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუ სპორტუნის რამე სურდა, მესამე პერიოდში უნდა შეეცვალა თამაშის სცენარი, რაც ვერ შეძლო და მატჩის ბედი მის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე, მესამე პერიოდის დასასრულს გადაწყდა, როცა ოვერტაიმმა 23-ქულიანი ლიდერობა გაიფორმა.

ბოლო პერიოდი საერთოდ ცალფარა გამოვიდა. სპორტუნიმ მხოლოდ 5 ქულის ჩაგდება მოახერხა, ოვერტაიმმა კი 15 მიითვალა და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. ოვერტაიმში 23 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 20 ქულა და 11 პასი მიითვალა ნიკოლოზ თოთლაძემ. სერგი ნინუას ანგარიშზე 17 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. სპორტუნიში 20 ქულით საუკეთესო იყო კახაბერ იაგორაშვილი, რომელსაც ჩაროზად 5 მოხსნა და 4 ჩაჭრაც ჰქონდა. 14 ქულა მიითვალა დამიანე ოთხმეზურმა.

სპორუნი და სოხუმი-საქართველო ჩემპიონატის მე-3 ადგილს ერთი მატჩით გაითამაშებენ. ჩემპიონობისთვის კი 3 მოგებამდე მიმდინარე ფინალურ სერიაში ქუთაისი და ოვერტაიმი შეერკინებიან.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142603