ფეხბურთი

19:10 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "რეალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, „რეალს“ დიდ პატივს სცემს და კომპლიმენტები ნამდვილია, მაგრამ ესპანური გუნდის არ ეშინია.

„განსაკუთრებული მატჩია. წნეხი უნდა ვიგრძნოთ, რადგან თუ შარშანდელ გამარჯვებაზე ვკონცენტრირდებით, არ გვექნება ის ბიძგი, რაც საჭიროა. მშიერი უნდა ვიყოთ მსგავს მატჩებში სათამაშოდ, სწორი ენერგია და ჩვენი ფანების მხარდაჭერა გვჭირდება.

ზოგჯერ ტანჯვა მოგიწევს, რადგან შეუძლებელია 90 წუთი დომინანტი იყო, მაქსიმალურად მოვემზადეთ. ერთნაირი ორი მატჩი არ არსებობს, მათ რაღაც ისწავლეს და ჩვენც რაღაც ვისწავლეთ. ვეცდებით იმის გაკეთებას, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ოცნება, რომლის ასრულება გვსურს. უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე „სატიაგო ბერნაბეუზე“. თუ წავაგებთ, მეტოქეს ხელს ჩამოვართმევთ და მივულოცავთ, მაგრამ მე მინდა, რომ ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდეთ.

მადრიდის „რეალს“ დიდ პატივს ვცემ, ბევრჯერ შევხვდით, ფეხბურთელობის დროსაც მითამაშია მის წინააღმდეგ, მაგრამ დიდი პატივისცემა მაქვს. როდესაც „რეალზე“ დადებითად ვსაუბრობ, ხალხი ფიქრობს, რომ ვხუმრობ, მაგრამ ასე არაა, ჩემი კომპლიმენტები ნამდვილია. ეს არის მეტოქეობა, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები, „რეალისგან“ საფრთხე ყოველთვის იგრძნობა, მაგრამ ამის არ მეშინია, „რეალის“ არ მეშინია.

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ კვირა დიდებულად დავასრულეთ. ვერ ვიფიქრებდით, რომ „არსენალი“ და „ლივერპული“ წააგებდნენ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ გზა ჯერ კიდევ გრძელია, ერთ კვირაში შეიძლება სამივე ტიტული დავკარგოთ. თუმცა, ჩემი გუნდი ძლიერია და მათ შეუძლიათ ყველაფრის მოგება. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ აქ ვართ.

როდესაც დე ბრუინი მოედანზეა, ყველაფერი სხვაგვარადაა, თაობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩვენც მასთან ერთად უკეთესები ვართ. კროოსი და მოდრიჩი ჩემთვის ინსპირაცია არიან. 15 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობენ, მოდრიჩი უფრო მეტხანსაც, ტიტულები მოიგეს და აგრძელებენ გამარჯვებას. ისინი ბავშვებისთვის სამაგალითოები არიან“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112904