ფეხბურთი

19:08 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, "ნაპოლიმ" "მონცასთან" ბრწყინვალე გოლებით მოიგო

სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ „მონცა“ მისსავე მოედანზე 4:2 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა.

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც 68-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

თამაში ნეაპოლელებისთვის ცუდად დაიწყო, რადგან მეცხრე წუთზე მილან ჯურიჩმა ანგარიში გახსნა და „მონცა“ დაწინაურდა. მე-40 წუთზე კვარა ახლოს იყო გოლთან, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და მასპინძლები გადარჩნენ. პირველი ნახევარი „ნაპოლიმ“ წააგო, თუმცა მეორე ტაიმში შესანიშნავი თამაში აჩვენა და ულამაზესი გოლებიც გაიტანა.

55-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა თავით გაათანაბრა, ორ წუთში კი, მატეო პოლიტანომ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. კიდევ ოთხი წუთის მერე პიოტრ ჟიელინსკიმაც შედევრი შექმნა, რომლის დარტყმაც უნაკლო იყო. ამ მომენტში საგოლე პასი კვარაცხელიას ჩაეწერა, მართალია, ეს უფრო სტატისტიკისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

„მონცამ“ ერთ წუთში გაქვითა ერთი ბურთი - მათი გოლიც ულამაზესი იყო, რომელიც ანდრეა კოლპანიმ გაიტანა. 68-ე წუთზე ხვიჩას ნაცვლად მოედანზე ჯაკომო რასპადორი შევიდა და პირველივე შეხებით, დაახლოებით 10 წამში მიითვალა გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ 48 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.

„მონცა“ – „ნაპოლი“ 2:4 (1:0)

გოლები: 1:0 ჯურიჩი (9), 1:1 ოსიმენი (55), 1:2 პოლიტანო (57), 1:3 ჟელინსკი (61), 2:3 კოლპანი (62), 2:4 რასპდორი (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128796