კალათბურთი

14:04 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპორტუნიმ ვსა დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა | ოვერტაიმმა ბასკო 2-ს სერია გაუთანაბრა

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალი 3 გუნდამდე შეივსო. სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა სპორტუნიმ მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 56:50 (სტატისტიკა) მოუგო ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს და ნახევარფინალში გავიდა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, თამაში ძალიან მეჩხერქულიანი გამოდგა და მთლიანობაში გუნდებმა მხოლოდ 106 ქულა ჩააგდეს. ეს უპირველესად მატჩის მნიშვნელობიდან იყო გამომდინარე – მოგებული ნახევარფინალში გადიოდა, წაგებული კი – სახლში. ამიტომ დიდი დოზით იყო დაცვა და განსაკუთრებით, შეცდომები – აცილებული, დაკარგული ბურთები.

აღსანიშნავია, რომ სპორტუნი, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა, პირველი ტაიმის შემდეგ 24:30 აგებდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ მესამე პერიოდში ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც თამაშში გარდატეხა მოხდა. სპორტუნიმ ტაქტიკა შეცვალა და სწრაფი შეტევები კიდევ უფრო ააჩქარა. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა გიორგი ობგაიძემ არაერთი საკვანძო გარღვევა განახორციელა და სპორტუნის საბოლოო წარმატებაში დიდი წილი დაიდო.

მესამე პერიოდი სპორტუნელებმა დამაჯერებლად – 17:10 მოიგეს და გადამწყვეტ ათწუთეულს უკვე ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ. დასკვნითი მეოთხედში ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა სპორტუნიმ მოპოვებული უპირატესობა აღარ დათმო და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. გუნდს ობგაიძემ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა კახაბერ იაგორაშვილმა მოაგროვა, ბაჩი ალიბეგაშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა და 6 მოხსნაა. ვსა-ში საუკეთესო იყო გაგი მღებრიშვილი. ნიკოლოზ ქოზაშვილმა კი 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

სპორტუნი შეუერთდა ნახევარფინალში უკვე გასულსა და ერთმანეთში დაწყვილებულ სოხუმი-საქართველოსა და ქუთაისს. სპორტუნი ნახევარფინალურ მეტოქეს ოვერტაიმისა და ბასკო 2-ის წყვილიდან ელოდება, სადაც სერია გათანაბრდა. ბათუმელებმა სერიის პირველი მატჩი თბილისში, დრამატულ ბრძოლაში, გიორგი კობახიძის შორეული სამქულიანით ბოლო წამზე მოუგეს ოვერტაიმს. საპასუხო მატჩი 4 აპრილს ბათუმში ჩატარდა, რომელიც საბა ზაქრაძის გაწვრთნილი ოვერტაიმის დამაჯერებელი გამარჯვებით – 78:49 (სტატისტიკა) დასრულდა.

გიორგი კობახიძემ ამჯერად ვერ იჩუბინა და მხოლოდ 1 სამქულიანი (6 ცდიდან) ჩააგდო. სამაგიეროდ, ნომინალურმა უკანახაზელმა 18-ჯერ მოხსნა ბურთი, რაც ბასკო 2-ისთვის დიდი ხეირი ვერ აღმოჩნდა. ოვერტაიმშიც იყო ფარის ბატონ-პატრონი – თემურ ხითარიშვილი, რომელმაც 18 მოხსნასთან ერთად 11 ქულა და 4 ჩაჭრა მიითვალა. გამოირჩა კოკა კაკულიაც, რომელმაც 25 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

ამ წყვილში სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 6 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ნახევარფინალური ბადე საბოლოო სახეს მიიღებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111822