ფეხბურთი

10:26 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ლიეტუვა | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩს გამართავს. 5 აპრილს, ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ლიეტუვას უმასპინძლებს.

4 აპრილს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ტრავმების გამო ხვალინდელ შეხვედრას ტატა მატვეევა და თამარ ტატუაშვილი გამოტოვებენ. მათ ნაცვლად, ეროვნულ ნაკრებს მარიამ ცისკარიშვილი და ანა წულაია შეუერთდნენ.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ანასტასია ბოლქვაძემ ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყოველთვის გამარჯვების მოლოდინი მაქვს. ერთა ლიგაზე, ლიეტუვასთან გასვლით შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვი საშინაო მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს სურთ გამარჯვების მოპოვება. ამისთვის საჭიროა გამოავლინონ ხასიათი და ითამაშონ დისციპლინის დაცვით. მიუხედავად ლიეტუვის ნაკრების სიძლიერისა, ყველაფერი ჩვენ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. დიახ, ტრავმების გამო გვაქვს დანაკლისი, მაგრამ მოედანზე 11 ფეხბურთელი იქნება. მათ, ვისაც თამაშის საშუალება მიეცემა, შანსი ექნებათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

26 მარტს, მთელი ქვეყანა ბედნიერი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით. ვფიქრობ, ახლა დროა გულშემატკივარმა მხარი დაუჭიროს ქალთა ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე და დაგვეხმარება გამარჯვების მოპოვებაში. ასე რომ, ვეპატიჟები გულშემატკივარს, რომ მიიღონ სიამოვნება ფეხბურთისგან და მხარი დაუჭირონ გოგონებს".

ანასტასია ბოლქვაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში კარგი განწყობაა. მზად ვართ, რომ ლიეტუვასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქე შესწავლილი გვყავს. გვსურს, რომ ჩვენი თამაში შევთავაზოთ და გავიმარჯვოთ.

გულშემატკივრის როლი უმნიშვნელოვანესია. მათი მხარდაჭერა დიდ ემოციას და მოტივაციას გვაძლევს იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სტადიონზე. მოხარული ვიქნები, თუ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრება ხვალინდელ შეხვედრას".

მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი დაესწრო და ქალთა ნაკრებს ახალ საკვალიფიკაციო ციკლში წარმატება უსურვა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო, როდესაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, ქალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ირის ანტმანმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რაც ერთა ლიგის მატჩებში გამოჩნდა. ქალთა ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, კარგი თამაშები ჩაატარეს და დიდი მოლოდინით ველოდები ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას. ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რამდენად კარგად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ასევე, ვთხოვ გულშემატკივარს მოვიდნენ ხვალინდელ თამაშზე. მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ ეს, რადგან ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისთვის".

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110829