ფეხბურთი

22:56 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი: საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია!

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-სკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა. ვილი სანიოლის გუნდმა ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრები დამაჯერებლად, კითხვების გარეშე 2:0 დაამარცხა!

ვილი სანიოლმა შემტევი შემადგენლობა დააყენა და ძირითად შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის და ბუდუ ზივზივაძის წყვილი ვიხილეთ, რომლებსაც ზურგს გიორგი ჩაკვეტაძე უმაგრებდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. მეტოქე შესვენებაზე ისე გავიდა, რომ კარისკენაც არ დაურტყამს, არც კუთხური ჩაუწოდებია. სამაგიეროდ, საქართველოს ჰქონდა ბევრი მომენტი.

საუკეთესო ბუდუ ზივზივაძე იყო. მე-12 წუთზე მისი და ჩაკვეტაძის კომბინაციის შემდეგ ბუდუს დარტყმა ძელს მოხვდა. მაგარი გოლი იქნებოდა, მაგრამ მცირედით არ გაგვიმართლა. ზივზივაძემ ცოტა ხანში გაიტანა, მაგრამ მეკარეზე ჯარიმა დაფიქსირდა.

39-ე წუთზე ლევან შენგელიას კარგი ჩაწოდების შემდეგ ოთარ კაკაბაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სწორედ ამ კუთხურს გოლი მოჰყვა - ზივზივაძემ საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როცა საჯარიმოსთან წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა. საპასუხო შეტევაში კი, ჟერსონ როდრიგესმა გაიტანა. საქმეში VAR-ი ჩაერთო, რის შემდგომაც სავსებით სამართლიანად გოლი გაუქმდა, ჯარიმა დაინიშნა და მარსელ შანო ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. ჯარიმა ლევან შენგელიამ შეასრულა და სანტიმეტრები დააკლდა გოლამდე - ბურთი ხარიხას მოხვდა.

64-ე წუთზე საქართველომ მეორეც გაიტანა! ისევ კარგი კომბინაცია, რომელიც ჩაკვეტაძემ დაიწყო, შენგელიამ ფლანგიდან იდეალურად ჩააწოდა და ზივზივაძემ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა - 2:0.

დარჩენილ დროში საქართველოს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. 3-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ჯაბა კანკავამაც ითამაშა, რომელიც მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატისკენ და დარჩა ბოლო ნაბიჯი - ფინალში, 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისევ „დინამო არენაზე“ ითამაშებს.

საქართველო - ლუქსემბურგი 2:0 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (კანკავა 86), კიტეიშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 72); ჩაკვეტაძე (კვეკვესკირი 77); ზივზივაძე (ქვილითაია 86), მიქაუტაძე (დავითაშვილი 77)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ლუქსემბურგი (5-3-2): მორისი; იანსი, ბონერი, მაჰმუტოვიჩი (მურატოვიჩი 90), შანო, პინტო (მ. მარტინში 42); მარტინში, ოლესენი (ო. ტილი 77), ბარეირო; ბორჟეს სანჩესი (კურჩი 77), როდრიგესი (კორაჩი 90)

მწვრთნელი: ლუკ ჰოლტცი

გოლები: 1:0 ზივზივაძე (41), 2:0 ზივზივაძე (64)

გაფრთხილება: ზივზივაძე (22), კვეკვესკირი (79), კანკავა (87), კაშია (90) - პინტო (24), როდრიგესი (54), ბარეირო (66), მარტინში (82), მარტინშ პერეირა (87), ბონერი (90)

გაძევება: შანო (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:0 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104218